ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ პარლამენტიდან – ასე ეხმაურება “ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას:
„ეს ადასტურებს იმას, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია ჩავარდნილი. ნახევარ წელიწადზე მეტი გაატარებინეს ქართულ საზოგადოებას იმაზე საუბარში, თუ რატომ არ უნდა შემოსულიყო ოპოზიცია პარლამენტში და მთელი დისკუსია იყო ამასთან დაკავშირებით. ახლა შემოტრიალებულია ეს ყველაფერი და საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არ უნდა შეუწყდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება. ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ პარლამენტიდან. სინამდვილეში ხდება რა: როდესაც პარლამენტის მიერ მიიღება გადაწყვეტილება მანდატის შეწყვეტის თაობაზე, ეს გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტული საფუძვლით. როდესაც ისინი აპროტესტებდნენ ამ გადაწყვეტილებას, უნდა გაიხსენონ ის, თუ ვინ აცდენდა სხდომებს, ვინ ჩადიოდა დანაშაულს, ვინ ახორციელებდა საბოტაჟს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ შეწყვეტოდათ მანდატები.” ამბობს კობახიძე.
სიების აღდგენის მოთხოვნა კი მისივე თქმით, ადასტურებს “რა მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენეთ რადიკალური ოპოზიცია, რაც არის ძალიან კარგი” კობახიძის აზრით, ოპოზიციის მძიმე მდგომარეობა “დადებითად აისახება ქართული დემოკრატიის ხარისხზე”.
“გადაწყვეტილება, კონკრეტული სამი დეპუტატის მიმართ, ასევე ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას და გაგრძელება იმისა, რაც დავიწყეთ ჩვენ გასულ წელს, როდესაც ვუპირისპირდებოდით, დაპირისპირებაზე და არეულობაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.