ოთხშაბათს უკრაინაზე თავდასხმა არ იქნება, ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს – EU-ში რუსეთის ელჩი

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, ვლადიმერ ჩიჟოვმა ოთხშაბათს გერმანულ ტელეარხ WELT-თან ინტერვიუში უარყო ინფორმაცია, რომ ოთხშაბათს, 16 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

მისი თქმით, “ევროპაში ომები ოთხშაბათობით იშვიათად იწყება”.

“გარწმუნებთ, რომ ამ ოთხშაბათს თავდასხმა არ იქნება. არც მომავალ კვირას, ერთი კვირის შემდეგ, არც მომავალ თვეს, არ იქნება [სიტუაციის ესკალაცია რუსეთსა და უკრაინის საზღვარზე]. ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს”, – თქვა ელჩმა. 

მედიის ცნობით, ჩეჟოვმა ასევე აღნიშნა, რომ როცა ბრალდებებს აყენებენ რუსეთის შეჭრის თაობაზე, ვალდებულები არიან, მტკიცებულებები წარადგინონ, “წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცილისწამებაა”.

მან დასავლეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა სერიოზულად მოეკიდონ უსაფრთხოების პრობლემებს.

რუსეთმა ბელარუსში ერთობლივი სამხედრო წვრთნები 10 თებერვალს დაიწყო. პარალელურად მას უკრაინის საზღვრებთან 100 000-ობით ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. ესკალაციის შემთხვევაში დასავლეთი მოსკოვს მკაცრი სანქციებით ემუქრება.

15 თებერვალს მოსკოვმა თქვა, რომ მისი სამხედრო ჯარების ნაწილი წვრთნებს ასრულებს და მუდმივი დისლოკაციის ადგილს უბრუნდება. დასკვნითი ღონისძიება ბელარუსსა და რუსეთს 19 თებერვალს აქვს დაგეგმილი.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას თავს 16 თებერვალს დაესხმება. მისი თქმით, უკრაინა დღეს უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე და დანებებას არ აპირებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share