დაუძახეთ ახლა მიშელს და ჩამოიყვანეთ ერთი, ჩამოიყვანოს ბატონმა, ბადრი ჯაფარიძემ მიშელი, სად არის?, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტით „ქართული ოცნება“ თავისი ამომრჩევლის კონსოლიდაციას ახდენს, ხოლო ოპოზიციურ ამომრჩეველში კი ნიჰილიზმს ზრდის.
„გავიგე, რომ „ლელო“ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. „ლელოს“ მხრიდან უზარმაზარი რესურსი დაიხარჯა არჩევნებზე, ადამიანურიც, ემოციურიც, ფინანსურიც. ისედაც 3 თუ 4 პარლამენტარი ჰყავდათ და ახლა ორი დარჩათ, აღარც დაფინანსება აქვთ და აღარც კომისიის წევრი ეყოლებათ. კატასტროფაა „ლელოსთვის“, მაგრამ რა, ახლა, რუსთავში რომ შუალედურ არჩევნებზე აყენებს ბადრი ჯაფარიძე კანდიდატურას, მოიგებს?
ფასს არაფერს არ იხდის ამაში „ქართული ოცნება“, იგებს იმას, რომ თავისი ამომრჩევლის კონსოლიდაციას მეტად ახდენს და ოპოზიციის ამომრჩეველში იწვევს უფრო მეტ ნიჰილიზმს იმიტომ, რომ ოპოზიციის ამომრჩეველი გაგიჟდა, გადაირია ჩვენი მაყურებელი. ხან შევდივართ, ხან არ შევდივართ, ხან გამოვდივართ, ხან არ გამოვდივართ, ხან სიებს ვხსნით, ხან სიებს აღვადგენთ და გადაირია ეს ხალხი და კიდევ კარგ ჭკუაზე არიან ოპოზიციის მომხრეები. არ შეიძლება ასე. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ბოლოს და ბოლოს რას ვაკეთებთ.
ოპოზიციას იცით რა უნდა გაეკეთებინა? არ უნდა შესულიყო პარლამენტში. შარლ მიშელი დაგიჯდებოდა აქ და ერთ კვირას გაატარებდა თბილისში. მანამდე, სანამ არ აიძულებდა „ქართულ ოცნებას“, რომ ნაბიჯები გადმოედგა. ჩემი დიდი პატივისცემა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გაიაზროს დასავლეთმა, რომელ ქვეყანას როგორ უნდა მიუდგეს. არა ვართ ჩვენ არც მონაკო, არც ლიხტენშტეინი, არც შვეიცარია, არც ავსტრია. ის, რაც სწორია შვეიცარიაში და ავსტრიაში პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, ის საქართველოში არ იმუშავებს, როცა ხელისუფლება ხელში აქვს ჩაგდებული 90-იანი წლების ბანდიტურ რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.