საქართველოში ეპიდემიის მორიგი ტალღის დაღმასვლა დაიწყო. სპეციალისტთა უმრავლესობა პროგნოზირებს, რომ მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება. მაგრამ რა იქნება ამ ტალღის დასრულების შემდეგ – ამაზე ეპიდემიოლოგებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თუმცა მათ პროგნოზებში ფრთხილი ოპტიმიზმი შეიმჩნევა.
ის, რომ პიკი პრაქტიკულად უკვე გავიარეთ, სტატისტიკითაც დასტურდება. სპეციალისტები ფიქრობენ რომ მომდევნო დღეებში აქტიურად გაგრძელდება ყოველდღიური შემთხვევების კლების ტენდენცია. მათი ნაწილი იმასაც ფიქრობს, რომ თუკი „ომიკრონის“ ახალი შტამი არ გამოჩნდა, მაშინ შესაძლოა ის პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ჯერ პროგნოზის გაკეთება ნაადრევია, ამიტომაც სჯობს მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.
16 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 24 საათში კორონავირუსით კიდევ 15 315 პირი დაინფიცირდა და 10 894 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 55 პაციენტი.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა დღემდე – 1 496 156-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1 300 062 ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 15 683-ს შეადგენს.
სტატისტიკა ყველა მიმართულებით უმჯობესდება
„ჩვენ გადავდივართ „ომიკრონის“ ტალღის პიკს და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობის კლება უნდა გვქონდეს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამია და „დელტა“ ან სხვა შტამები ერთეულ შემთხვევაში გვხვდება.
„ბოლო დღეების ეპიდსიტუაციის მაჩვენებლები – განსაკუთრებით რეპროდუქციის ინდექსი, ასევე ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობა 100 000 მოსახლეზე და დადებითობის მაჩვენებლები იკლებს. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ჩვენ გადავდივართ „ომიკრონის“ ტალღის პიკს და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობის კლება უნდა გვქონდეს. თუმცა, შესაძლებელია ეს გახანგრძლივდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში რამდენიმე მიზეზის გამო.
„დღეს ქვეყანაში შემთხვევების 95% „ომიკრონია“. ერთეულ შემთხვევებში გვაქვს „დელტა“, ან სხვა შტამები. „ომიკრონის“ ქვეშტამებიდან დომინანტურია მისი მეორე შტამი – BA 2. ის შედარებით მეტი გადამდებლობით ხასიათდება, მაგრამ აგრესიულობა მომატებული არ არის.
„ზოგადად, „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელ თვისებად გამოვლინდა, რომ კლინიკურად შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, მაგრამ რადგან მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირება ხდება, ამას კუმულაციური ეფექტი აქვს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
რა ვითარებაა სკოლებში
ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ დევი ტაბიძის რეკომენდაციაა, რომ არსებული ეპიდვითარების გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე გამოცხადდეს. როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სკოლები და ბავშვების ზოგიერთი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
„ბავშვთა მიმართულებით აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დაიხუროს იმიტომ, რომ ამას შემდგომში არდადეგები მოსდევს. ჩემი პირადი რეკომენდაცია იქნება, ცოტა ადრე შევწყვიტოთ სწავლა და გადავიდეთ იმ არდადეგებზე, რომელიც მოდის. ეს გარკვეულ პერიოდს მოგვცემს. ნახევარზე მეტი სკოლა, ნახევარზე მეტი კლასი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბავშვის ერთი დღე სკოლაში გაშვება ნიშნავს იმას, რომ შემდგომში სერიოზული პრობლემებია, თუმცა ბავშვები ამ შემთხვევაში ამ დაავადების ყველაზე კარგი გადამტანები არიან“, – განაცხადა ტაბიძემ.
მისი შეფასებით, ზოგადი ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, თუმცა ძალიან მძიმე ნაბიჯებით. რაც შეეხება გარდაცვალების რაოდენობას, დევი ტაბიძის თქმით, ეს მაჩვენებელი ჯერჯერობით უცვლელია.
მან ასევე საწოლების რაოდენობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ომიკრონის“ ბინაზე და კოვიდ სასტუმროში მართვამ სიტუაცია შედარებით გააუმჯობესა.
„კლინიკურად ასეთი მდგომარეობაა – თერაპიული საწოლები არის, რეანიმაციაში და ინტენსიურ პალატებში პრობლემები ისევ არის, საწოლების პრობლემა დგას. ძალიან დიდი შეღავათი მისცა „ომიკრონის“ ბინაზე და კოვიდ სასტუმროში მართვამ“, -განაცხადა ტაბიძემ.
მოგვიანებით განათლების სამინისტრომ სკოლებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადებისათვის ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს.
„ომიკრონი“ პანდემიას დაასრულებს?
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივან ჩხაიძე კი ამბობს, რომ მოლოდინი, თითქოს „ომიკრონი“ პანდემიას დაასრულებს, ფუჭია. ჩხაიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ომიკრონს“ სამი ქვეტიპი გააჩნია და როდის გამოჩნდება „ახალი ომიკრონი“, არავინ იცის. ამიტომაც ტყუილი იმედის შექმნა არ შეიძლება.
რაც შეეხება ქვეყანაში მორიგი პიკის დასასრულს, ჩხაიძე აქაც სიფრთხილებს იჩენს და ფიქრობს, რომ ნაადრევად რაიმე განცხადებების გაკეთება არ ღირს.
„ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, რომ „ომიკორნი“ პანდემიას დაასრულებს. ახალი გამომუშავებული იმუნიტეტი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ „ახალი ომიკორნი“ არ გამოჩნდეს. ამაზე თავს ვერავინ დადებს. ჯერჯერობით ამის დამამტკიცებელი რაიმე კვლევები არ არსებობს. მაგალითად, „ომიკრონის“ ქვეტიპები გაჩნდა. მას 3 ქვეტიპი აქვს. ამიტომაც ვამბობ, რომ წინასწარ საუბარი ნაადრევია.
„ომიკრონი“ ახალია, მისი დეტალური შესწავლა 26 ნოემბრიდან დაიწყო. ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს, მიუთითებს მინიმუმ 4-თვიან პერიოდზე. ადამიანმა, რომელმაც გადაიტანა „ომიკრონი“, 4 თვის განმავლობაში შეიძლება მეტ-ნაკლებად დაცულად ჩათვალოს თავი ახალი ინფიცირებისაგან. თუმცა, საფრთხეა „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი. ჯერჯერობით არ არის ცნობილი მას რეინფიცირება შეუძლია თუ არა პირველი ვარიანტის წინააღმდეგ. ჯერჯერობით ამაზეც კითხვის ნიშანი არსებობს.
„ზოგადად ეს არის 4-თვიანი პერიოდი. ამიტომ საქართველოშიც პიკმა გადაიარა თუ არა, ჯერ ამაზეც საუბარი ნაადრევია. იმედია ზრდა აღარ იქნება, მაგრამ რისკები გაზაფხულზე არსებობს“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალის და ძალოვანი სტრუქტურების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. ამიტომ სწორი გადაწყვეტილებაა, როცა იზოლაციის ხანგრძლივობა შემცირდა.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი პროგნოზირებს, რომ, სავარაუდოდ, 10-14 დღეში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდება, მაგრამ ეს 10-14 დღე არ არის მცირე დრო. ამიტომაც ის მოსახლეობას კვლავ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ უფრო ვაქცინაცია აქტიურად ჩატარდეს, რათა არ გადაიტვირთოს პირველადი ჯანდაცვის რგოლი და შემდეგ ჰოსპიტლები. არის მოლოდინი, რომ შეიქმნება იმუნური ფენა და თუ ახალი შტამი არ გამოჩნდა, რისი დიდი იმედიც არსებობს, „ომიკრონი“ შესაძლოა პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს.
„ალბათ 10-14 დღეში ეპიდსიტუაცია უნდა გაუმჯობესდეს, მაგრამ ეს არ არის მცირე დრო. იმისთვის, რომ არ გადაიტვირთოს პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტლები, უნდა შევასრულოთ რეკომენდაციები და უფრო აქტიურად უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია. არ უნდა მოვდუნდეთ და ყველა არსებული რეკომენდაცია უნდა შევასრულოთ.
„ნამდვილად კარგია, რომ დაინფიცირების რიცხვმა შედარებით იკლო, მაგრამ ყველა წესების დაცვა მაინც აუცილებელია. თუ რამე ახალი შტამი არ გამოჩნდა, არაა გამორიცხული „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონს“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, რაშიც, პრაქტიკაშიც დავრწმუნდით, მაინც არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები მძიმდებიან. განსაკუთრებით ისინი, ვინც არიან ასაკოვანი, სხვადასხვა ქრონიკული და ფონური დაავადების მქონე და არავაქცინირებული ადამიანები. აქედან გამომდინარე, ამ ჯგუფებში ვაქცინაციის უფრო აქტიურად წარმართვა და მათ შორის ბუსტერ დოზის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.
რეზონანსი