ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე კიდევ 12 ახალი პროექტი წარადგინა. პროექტებს შორის არის კოსტავასა და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაცია, ოზურგეთში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ახალი სკვერების მოწყობა და თეატრის წინ, ქალაქის ცენტრალური მოედნის განვითარება.
ოზურგეთში ქალაქის ორი ცენტრალური ქუჩის – ჭავჭავაძისა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია და განახლება იწყება. საქართველოს მთავრობის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, იგეგმება გზის საფარის, ტროტუარების, გამწვანების და ელექტროკომუნიკაციების სრულად განახლება და მოწყობა.
„არჩევნებამდე ჩვენ დაგპირდით, რომ ოზურგეთის ერთ-ერთ მთავარ საგზაო მონაკვეთს – კოსტავას გამზირს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა. ვასრულებთ პირობას და ვიწყებთ საპროექტო სამუშაოებს, რასაც მოჰყვება კოსტავას გამზირის მოწყობა და სრული განახლება. რამდენიმე წელია, ქალაქის ეს ცენტრალური მაგისტრალი სავალალო მდგომარეობაშია, რადგან ჩემმა წინამორბედმა ვერ შეძლო სათანადო პროექტის მომზადება და მისი ინიცირება – პროექტს, რომელიც მზადდებოდა, ინფრასტრუქტურული და ეკოლოგიური თვალსაზრისით სერიოზული ხარვეზები აქვს, რის გამოც ვერ მოახერხეს დარგის პროფესიონალებთან მისი შეთანხმება და დამტკიცება“, – განაცხადა თალაკვაძემ.