მოსკოვმა აშშ-ს ელჩს რუსეთში, ჯონ სალივანს გადასცა წერილობითი დოკუმენტი ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, აშშ-ს პასუხზე.
“ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამერიკულმა მხარემ არ გასცა კონსტრუქციული პასუხი რუსეთის მხარის მიერ შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების პროექტის ძირითად ელემენტებზე“ – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ქვეყნის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ საუბარი ეხება ნატო-ს გაფართოებაზე უარის თქმას – ბუქარესტის შეთანხმების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც „უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან“.
ასევე, სამხედრო ბაზების შექმნაზე უარის თქმას პოსტსაბჭოთა და ნატოს არაწევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე.
აგრეთვე, წერილში საუბარია, რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურა უნდა დაუბრუნდეს 1997 წლის მდგომარეობას.„ამერიკული მხარის მხრიდან მზადყოფნის არარსებობას, მოხდეს შეთანხმება მტკიცე, იურიდიულად სავალდებულო გარანტიებზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი უსაფრთხოება შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან, რუსეთი იძულებული იქნება, უპასუხოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების განხორციელებით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.
რუსული მედიის ცნობებით, დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ უკრაინაში „არანაირი შეჭრა“ არ არის და არ იგეგმება.
„ბრალდებები „ესკალაციაზე რუსეთის პასუხისმგებლობის თაობაზე“ შეიძლება, ჩაითვალოს მხოლოდ ზეწოლის და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის მიერ წარმოდგენილი წინადადებების გაუფასურების მცდელობად“ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.
ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, აშშ-მ და ნატომ რუსეთს წერილობითი პასუხი იანვრის ბოლოს გადასცეს.