ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა. ის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართავს.
რუსული მხარის ცნობით, ლიდერები გეგმავენ, განიხილონ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, რეგიონში უსაფრთხოება და ორი ქვეყნის ერთობლივი ქმედებები ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად. საუბარი საერთაშორისო საკითხებსაც შეეხება.
ბელარუსი რუსეთის უახლოეს მოკავშირედ ითვლება. ორი ქვეყანა უკრაინის საზღვრებთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებდა იმ ფონზე, როდესაც დასავლეთი შიშობდა, რომ მოსკოვი თავდასხმას აპირებდა. ამ სამხედრო წვრთნების დასკვნითი ღონისძიება ხვალ, 19 თებერვალს უნდა გაიმართოს.
რუსეთი ისევ უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას აპირებს, მიუხედავად ამისა, ამერიკაც და ევროპაც ფიქრობს, რომ საფრთხე ისევ მოსალოდნელია.