წინათ თურმე გურიაში აღაპი, იგივე ქელეხი, მიცვალებულის დამარხვის რამდენიმე დღის და ერთი წლის შემდეგაც შეიძლება გადაეხადათ. ყოფილა ასევე ე.წ. ავანსი აღაპიც. 1904 წელს ოზურგეთის ტაძრის მნათემ 90 წლის მაქსიმე ურუშაძემ საკთთარ თავს და მეუღლეს წინასწარ გაუმართა ქელეხი. საკლავი დაკლა, მათხოვრებს და უპოვრებს სამოწყალობო უბოძა, უამრავი ხალხი დაპატიჟა. თამადამ მნათეს და მისი მეუღლის შესანდობარი დალია – საუკუნოთ იყოს ხსენება მისი – მგალობლებმა იმღერეს და მათ თავად იმ ქვეყანას მიმავალი მიეშველა. შემდეგ ფიშტოც გაისროლა, იცეკვა და მეუღლეც აცეკვა. დასასრულს კი სტუმრებს განუცხადა რომ მისი სიკვდილის შემდეგ ტირილსა და გლოვას არავის ავალებს – თქვენ იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ მე კი ჩემი დრო მოვჭამეო. აღაპის წლისთავზე კი ურუშაძე გარდაიცვალა – ქელეხი გადაუხადეს ისევ თუ არა, ეს აღარ ვიცი. აპოლონ წულაძის წიგნიდან ეთნოგრაფიული გურია.
მხატვარი შალვა ძნელაძე