“თუ უკრაინაში შემოხვალთ, სამუდამოდ აქ დაგტოვებთ. გპირდებით, რომ აქედან ვერ გააღწევთ”, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ რუს სამხედროებს, რომლებიც ქვეყნის საზღვრებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან განლაგებული.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინელები სამშობლოს ბოლომდე დაიცავენ.
“ჩვენი უკრაინის არსებობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. პუტინმა პირდაპირ გვითხრა, რომ ის უკრაინის სახელმწიფოებრიობასა და ერს არ ცნობს. ის თვლის, რომ ჩვენ არ ვარსებობთ და მიწასთან გასწორებას გვპირდება. გუშინ კრემლის დიქტატორისგან კიდევ ერთი ულტიმატუმი მოვისმინეთ, ითხოვს, რომ ნატოზე უარი ვთქვათ, ყირიმი ვაღიაროთ და დემილიტარიზაცია გამოვაცხადოთ და მერე გპირდება, რომ ყველაფერს გვიზამს, რაც მოუნდება. ამ არჩევანის შედეგების ისტორია კარგად ვიცით. ჩვენ მის ულტიმატუმებს არასოდეს დავთანხმდებით. ჩვენს სამშობლოს ბოლომდე დავიცავთ.
მოვუწოდებ რუს ჯარისკაცებს, აქ ნუ მოდიხართ, არავინ გელოდებათ. კიევში, მარიუპოლში, ოდესასა ან ხარკოვში ყვავილებით ხელში არავინ გელოდებათ. აქ ჯაველინებით და იარაღებით გელოდებით. თუ უკრაინაში შემოხვალთ, სამუდამოდ აქ დაგტოვებთ. გპირდებით რომ აქედან ვერ გააღწევთ. მოგესალმებით იმ ჯოჯოხეთში, რომელსაც მოგიწყობთ. ეს თქვენი მიწა არ არის და არც იქნება”, – თქვა რადას დეპუტატმა.
მანვე საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მის ინიციატივას უკრაინის არმიის დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით:
“რადას საბიუჯეტო კომიტეტს მოვუწოდებ, ჩემს ინიციატივას მხარი დაუჭირონ და არმიის დაფინანსება გაზარდონ. მეგობრებო ჩვენი არმია ყოველდღე უნდა დავაფინანსოთ”, – აღნიშნა გონჩარენკომ.