ოზურგეთის მერიაში თანამშრომელთა მასიური დათხოვნა იგეგმება.
როგორც “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი, გუშინ, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ გამოსცა ბრძანება, რომელიც ოზურგეთის მერიის ყველა თანამშრომელს დაურიგდა.
როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ოზურგეთის მერია მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებში რეორგანიზაციას გეგმავს.
ბრძანების მიხედვით, რეორგანიზაცია სამ ეტაპად გახორციელდება. პირველი ეტაპი არის რეორგანიზაციის დაგეგმვა, მეორე ეტაპია სამართლებრივი ბაზის მომზადება, მესამე ეტაპი კი შტატების შემცირება და გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობაა.
დღეს, რეორგანიზაციის პირველი ეტაპი უკვე დაიწყო, რომლის დასრულებაც იურიდიულ სამსახურს 28 თებერვლამდე დაევალა.
არსებული ინფორმაციით, რეორგანიზაციის საფარქვეშ “ქართული ოცნება” იმ პირთა სამსახურიდან განდევნას გეგმავს, რომლებიც მათ ბოლო ადგილობრივ არჩევნებში აქტიურად არ ეხმარებოდნენ. ასევე დაგეგმილია ყველა განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა.
როგორც ბრძანებიდან ირკვევა, რეორგანიზაცია დაახლოებით 50 დღეს გასტანს, რომლის შემდეგაც გაირკვევა იმ პირთა ვინაობა, რომელთაც ოზურგეთის მერი სამსახურიდან დაითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მერიის მოქმედ თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობის თანამდებობიდან გაშვება იგეგმება. მათ ნაცვლად კი ის ადამიანები დასაქმდებიან, ვინც ბოლო ადგილობრივ არჩევნებზე “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მუშაობდა.