NATO-ს საპასუხო ძალები გააქტიურდა, როგორც თავდაცვითი ღონისძიება უკრაინაში რუსეთის მიმდინარე შეჭრის საპასუხოდ. საპასუხო ჯარების გააქტიურება არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს ან ნატოს რომელიმე ჯარისკაცი შევა უკრაინაში, რომელიც ალიანსის წევრი არ არის. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე აღნიშნა, რომ აშშ-ს ჯარები განლაგდებიან აღმოსავლეთ ევროპაში, რათა დაეხმარონ NATO-ს წევრქვეყნებს.
“კოლექტიური თავდაცვის კონტექსტში ჩვენ პირველად ვაყენებთ NATO-ს საპასუხო ძალებს. ჩვენ ვსაუბრობთ ათასობით ჯარზე, საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობებზე”.- აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
NATO-ს ალიანსის მხარდასაჭერად, NATO-ს მოკავშირეთა უმაღლესმა სარდალმა გენერალმა ტოდ ვოლტერსმა გაააქტიურა მრავალეროვნული ძალები, რომლებიც შედგებიან მოკავშირეების სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალებისგან.
“ეს შემაკავებელი ზომები გონივრულია და აძლიერებს ჩვენს სისწრაფეს, პასუხისმგებლობას და შესაძლებლობებს, დავიცვათ ერთი მილიარდი მოქალაქე, რომლის დაცვის პირობაც დავდეთ”. – თქვა სტოლტენბერგმა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.