მთიულეთში, სოფელ წიფორში, უფრო სწორად, ახლა უკვე ნასოფლარში წიფორის წმინდა გიორგის საყდარია. სწორედ ამ ტაძარში ინახება ოქროს ჯვარი, რომელიც შუაზე იხსნება და გადმოცემის თანახმად, მასში წმინდა გიორგის გულის ნაწილი ინახება.
ხატის დეკანოზები ოდითგანვე კედელაშვილები არიან. ამ ტაძრის დეკანოზი ახლა კოლია კედელაშვილია. წინაპრებისგან გადმოცემით იცის, რომ ტაძარი თამარის მეფობის პერიოდში ააგეს.
ამბობს, რომ ამ საყდარში ქალების შესვლა აკრძალულია, მამაკაცებთან ერთად მხოლოდ ქალიშვილებს შეუძლიათ შესვლა და მოლოცვა.
ეს სალოცავი ბევრჯერ გაიძარცვა – დაიკარგა ოქროს თასები და ხატები. მძარცველები თურმე ჯვარსაც ეძებდნენ, თუმცა ვერ მიაგნეს. არაერთხელ გადაუთხრიათ ტაძრის მიმდებარე ტერიტორია ოქროს ჯვრის მაძიებლებს.
ჯვრის კონკრეტულ ადგილსამყოფელს დეკანოზი და ე.წ დასტური, ანუ შეფიცულები მკაცრად ასაიდუმლოებენ. სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა მომლოცველებს წელიწადში სამჯერ ეძლევათ – წმინდა გიორგის ხსენებისა და აღდგომის დღესასწაულზე.
ამბობენ, რომ ჯვარს ბევრი სასწაული უკავშირდება – ბევრი უშვილო წყვილისთვის უჩუქებია შვილი და ავადმყოფისთვის – ჯანმრთელობა.
ჯვარს ძველი ბერძნული წარწერა აქვს დატანილი. ამ დრომდე უცნობია, რა საიუდუმლო იმალება ამ ჯვართან დაკავშირებით.
„პრაიმტაიმი“ მის გაშიფვრას ენათმეცნიერებთან ერთად იწყებს და კვლევის შედეგებს ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს, უახლოეს მომავალში ვაცნობებთ.