“მქონია რამდენიმე მომენტი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ძალიან, ძალიან შემრცხვენია საკუთარი თავის. ხანდახან მახსენდება ეს შემთხვევები. მახსენდება მაშინ, როდესაც სულ მარტო ვარ. არავინ არის ირგვლივ. და როცა მახსენდება, უნებლიეთ ხმამაღლა ვიწყებ საუბარს საკუთარ თავთან. ვინმე რომ იყოს იმ წუთებში ჩემს გვერდით, იფიქრებს რომ მთვრალი ვარ, ალბათ … ძალიან კარგი, ძალიან სათნო, ძალიან გულნატკენი (და ჩვენს მიერ ვერდაცული და თვალნატკენი) გოგონას ფოტო ვნახე ამ დილით ფეისბუქის ნიუსებში, სამსახურში წასვლის წინ. მერე დავფიქრდი, რას იფიქრებდა მექანიკურად დაწერილი დღევანდელი კომენტარების და “ლაიქების” შესახებ და უნებლიეთ ხმამაღლა მივმართე ჩემს თავს სარკეში… ————— 5 ნიჭიერი ქართველია ამ ფოტოზე. შუაში მდგომი 3-დან 2 დახვრიტეს ბოლშევიკებმა, ერთმა თავად დაასწრო და თავი მოიკლა. მარჯვენა კიდეში მდგომი დათრგუნა შიშმა და შეეგუა რეალობას. მარცხენა კიდეში მდგომი კი არა მარტო შეეგუა, მთლად მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გახდა. ყველას პატივისცემით იხსენიებს თანამედროვე ქართველობა. უცნაურია … … და ფიქრობ მერე კაცი, რა ფასი აქვს პრინციპებს, ან რა არის საერთოდ პრინციპი? … აქვს ფასი ღირსებასა და პრინციპებს? მხოლოდ ერთი ფასი აქვს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, თუ დახურდავებაც შეიძლება? თუ სიცოცხლეს ირჩევ, ბარემ ლაზათიანი სიცოცხლე აირჩიე, რაღა დარჩა. – ტკივილი ყველაზე დიდი ბოროტებააო- ნეტარი ავგუსტინე ამბობდა. კარგად იცოდა, რომ ტკივილის შიშით ყველაფერზე იყო წამსვლელი ადამიანთაგან პრაქტიკულად ყველა, რადგან ტკივილის დამთრგუნველი რწმენა ისეთი იშვიათობაა, რომ არამიწიერთა რანგში გადიან მისი მქონენი. და მაინც, სად გადის ის ხაზი, რომლის გადაკვეთა არ შეიძლება? ადამიანები სამწუხაროდ წმინდანთა მაგალითებზე ვერ იზრდებიან; მათ სხვა ადამიანი სჭირდებათ თვალის მისაპყრობად. ადამიანთა პრინციპები და ღირსება კი ფრიად მერყევი და საეჭვოა. ღირსება ერსაც აქვს; კოლექტიური ღირსება. ჩამოყალიბებულ ერს ჩამოყალიბებული პრინციპები აქვს; შიშითა და სიხარბით გარყვნილებს ეკარგებათ. რაღა დაგვრჩა დღეს? არის რაიმე ისეთი უღირსობა, რომლის გამართლებასაც როგორც ერი ვერ შევძლებთ? არის კიდევ შესაძლებელი პირადი მაგალითის საფუძველზე ღირსების ბაზისური პრინციპების შექმნა და ჩადუღაბება? მიუშვებს ვინმე ქვეყნის სათავეში ასეთ ადამიანებს? და როგორ უნდა დაავიწყო შიში და ამოუძირკვო სიხარბე და გამყიდველობა საზოგადოებას? ისევ შიშით? დავით აღმაშენებელმა ასე შეძლო მაგალითად. ბოლოს ალბათ მხოლოდ პირადი ღირებულებების იმედად რჩება ადამიანი ჩამოუყალიბებელ, უპრინციპო ერებში. იკეთებ საკუთარ კაფსულას და ელოდები ჭუპრივით, რომ ერთ დღეს იქნებ … გაფრინდე პეპელასავით. ვინ იცის”…-ზურაბ გურული ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი.