ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩში შვედურ კლუბს, „როსენგარდს“ უმასპინძლა და მტკივნეული მარცხი იწვნია.
„მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდა. შვედეთის ჩემპიონი დიდ უპირატესობას ფლობდა და პირველ 19 წუთში სამი გოლი გაიტანა. პირველივე ტაიმი კი სოლიდური უპირატესობით მოიგო – 0:6.
„როსენგარდი“ საქართველოს ჩემპიონს ისე ეთამაშა, როგორც მასწავლებელი მოსწავლეს და ეს გასაკვირი არც არის – პირველი უცხოური ქალთა გუნდი, რომელიც თბილისს საჩვენებელი მატჩით ესტუმრა, სწორედ შვედეთს წარმოადგენდა. „როსენგარდის“ ექვსი წევრი კი 2019 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. გუნდი 1970 წელს დაარსდა და შვედეთის 10-გზის ჩემპიონია, ამდენი წელი კი საქართველოში ჩემპიონატი არც ტარდება – ეს მხოლოდ ბოლო სამი წელია გრძელდება და ისიც დიდი მიღწევაა, „ლანჩხუთი“ ევროპის 32 საუკეთესო გუნდს შორის რომ მოხვდა.