პროტესტი პარლამენტთან და სამი მოთხოვნა მთავრობას

გადადგეს მთავრობა, დაიკეტოს ცა რუსეთთან და ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი გაკეთდეს, – ეს სამი მოთხოვნა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააჟღერა.

“ყველა საზოგადოებრივი ჯგუფი, პარტია შევთანხმდით, რომ უნდა ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული მოთხოვნები, რომლის მიღწევასაც ყველა ერთად მოვითხოვთ და აუცილებლად მივაღწევთ.

პირველი, წავიდეს და თან წაიყოლოს მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილმა. მოშორდნენ აქედან! ქართული ოცნება ჩვენ არ წარმოგვადგენს, ამიტომ უპირველესი მოთხოვნა არის მისი წასვლა და ის სირცხვილი, რომელიც მან მოსცხო საქართველოს, ჩვენს ისტორიასა და ჩვენს მომავალს, ჩვენი ჩამოსარეცხია. ის აუცილებლად უნდა წავიდეს. ის აუცილებლად აღარ უნდა წარმოადგენდეს ჩვენს ღირსეულ ხალხს. ამის შემდეგ, ჩვენ უნდა გადავიდეთ ქმედით და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომ დავეხმაროთ უკრაინას და რეალურად ვიყოთ მათი სოლიდარულები. დავუხუროთ ცა რუსეთს, გავუხსნათ ცა უკრაინას. მესამე, დღეს უკრაინამ საკუთარი მსხვერპლით, რომელიც 5 ღამეა ყველას გვატირებს, გახსნა შესაძლებლობები, რომ ჩვენც ყველა ერთად გავხდეთ თავისუფალი ევროპის ნაწილი. ეს შესაძლებლობა, რომელიც გვესიზმრებოდა და ესიზმრებოდათ ჩვენს წინაპრებს, დღეს დევს მაგიდაზე და ეს უგუნურები ამბობენ, რომ არ გვინდა, ამიტომ მესამე მოთხოვნაა ამათი წასვლისთანავე საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი”, – განაცხადა ხოშტარიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share