4 მარტს 86 წლის გახდებოდა თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი ამირან ქადეიშვილი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ვარსკვლავოსანი, ხელოვნების ქურუმი, იპოლიტე ხვიჩიასა და აკაკი ვასაძის სახელობის პრემიების მფლობელი.
მისი სამსახიობო კარიერა ოზუგეთის თეატრში დაიწყო. ჯერ სცენის მუშა, შემდეგ გრიმიორი, დამწყები მსახიობი და ბოლოს ბუმბერაზი მსახიობი იყო. თან ამ ტიტულს ატარებდა მისებური უბრალოებით, თავდამბლობით, კეთილშობილებით, სილამაზითა და სილაღით.
ოზურგეთის თეატრში 120 როლი აქვს შესრულებული, მსახიობის ყველა პერსონაჟი უყვარდა მაყურებელს, რადგან მისებური გამორჩეული მუხტი ყველას ჰქონდა. იგი კინორეჟისორებმაც მალე შეამჩნეს და საუკეთესო სახეები აქვს შექმნილი ქართულსა და რუსულ ფილმებში (სსრკ მეტ გასაქანს არც იძლეოდა).
„ – აუწერელია ამირან ქადეიშვილის ღვაწლი ოზურგეთის თეატრისთვისაც და ჩემთვისაც. მე ამირანმა გამზარდა, მეათე კლასის მოსწავლე მოვედი თეატრში და ამირანზე სწორება, მისი სითბო, მისი მზრუნველობა იყო და არის დაუვიწყარი“ – ასე იწყებს საუბარს ვასილ ჩიგოგიძე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო და მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ამირანი საერთაშორისო და რესპუბლიკის არენაზე თავისი თეატრალური თუ კინოროლებით და თავისი ავტორიტეტით იყო ერთი ბრწყინვალე ვარსკვლავი ჩვენი თეატრის თანავარსკვლავედში ქალბატონ ლამარა თურმანიძესთან, ბატონებთან – ევტროფი თალაკვაძე, რომან ლომინაძე, გაბრიელ მდინარაძე და სხვებთან ერთად. დაუვიწყარია ოზურგეთის თეატრის გასტროლები ამირანის მონაწილეობით – გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, უნგრეთში, ბამზე (ბაიკალ ამურის მშენებლობა), მხატში (მოსკოვის სამხატვრო თეატრი) თუ სხვაგან. მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ოზურგეთის თეატრმა, დირექტორმა ზაზა ჯინჭარაძემ და მე, მაშინ როგორც მოწვეულმა რეჟისორმა და შემდგომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, სითბოთი და სიყვარულით დავუბრუნეთ ამირანს მისი ამაგი. ჩვენ დავაბრუნეთ ამირანი ჩვენს თეატრში ოც წელიწადზე მეტი ხნის პაუზის შემდეგ. სპექტაკლის „გამარჯობა ხალხო“ (ნოდარ დუმბაძე, რეჟისორი ვასო ჩიგოგიძე) დასადგმელად ოზურგეთში დავბრუნდი ზაზა ჯინჭარაძის დაჟინებული თხოვნით. ჩემი პირობა იყო, რომ ამირან ქადეიშვილს მოვიწვევდი ილარიონის როლზე. ამირანი ყოყმანოდა, თავს იკავებდა ჯანმრთელობის გამო, თუმცა ოჯახის წევრები ქალბატონი ალდონა და ბატონი ანზორ ერქომაიშვილი ჩვენთან ერთად ურჩევდნენ მიეღო ეს შემოთავაზება. ეს პრემიერა იმ ეტაპზე იყო ძალიან დიდი წარმატება თეატრისათვის, ამირანისთვის, გაბრიელისათვის, ჩემთვის. სპექტაკლის შემდეგ ჩვენი თეატრის კიბეებზე მისი, გაბრიელ მდინარაძისა და ჩემი ვარსკვლავების გაიხსნა. შემდგომში ამირანი მონაწილეობდა ოზურგეთის თეატრის გასტროლებში თბილისსა და რუსთავში. 2018 წელს მას დაუვიწყარი სიურპრიზი მოვუწყვეთ ოზურგეთის თეატრის 150 წლის იუბილესა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მეორე თეატრალურ ფესტივალზე: თეატრის თაღებში თეატრალური ელიტისა და ქართული და უცხოელი კოლეგების თვალწინ, მაშინდელმა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გადასცა ხელოვნების ქურუმის ჯილდო, ხოლო სატირისა და იუმორის საერთაშორისო ასოციაციამ მიანიჭა იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია, საქართველოს რუსთაველის საზოგადოებამ აკაკი ვასაძის სახელობის პრემია. ბედნიერი ვარ, რომ ოზურგეთის თეატრმა მას მიაგო დამსახურებული პატივი და ის იყო ამ ჯილდოებით დამშვენებული. თეატრი იყო მისი სიყვარული და თეატრიც ყოველთვის იდგა მის გვერდით. ამირანზე ყაჩაღური თავდასხმისა და მძიმედ დაჭრის შემდეგ, ურთულეს ოთხმოცდაათიან წლებში, თეატრი, მთელი ოზურგეთის საზოგადოება სანთლებით ხელში ლოცულობდა ამირანისათვის, ვყიდულობდით მედიკამენტებს, ჩამოგვყავდა პროფესორები, მოხალისეები უანგაროდ უსხამდნენ სისხლს. ოზურგეთმა აჩუქა მას მეორე სიცოცხლე, რომელიც ქალბატონმა ალდონამ, ერქომაიშვილების ოჯახმა გაუხანგრძლივა. დიდი მადლობა მათ ამისათვის. სამწუხაროდ, ამ შემოდგომაზე ჩვენი თეატრის ძირითადი ბირთვი ორკვირიანი გასტროლებიდან დაბრუნდა კოვიდით დაავადებული და ჩვენი მოუშუშებელი ტკივილია რომ ამირანი ვერ დავიტირეთ ისე ღირსეულად როგორც იმსახურებდა და როგორც ჩვენ გვინდოდა. ნათელი და პატივი ჩვენი ბაბუს სულს. ჩვენს გაბრწყინებულ შენობაში, რომელშიც მან ვეღარ შემოაბიჯა, მუზეუმის ფოტოგალერიაში ყოველი მხრიდან მისი პერსონაჟები გეგებებათ. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი დაუვიწყარი და უზარმაზარი არტისტის ბატონი ამირან ქადეიშვილისადმი. დიდება მის სულს, დარწმუნებული ვარ, რომ იგი ცათა სასუფეველში ქართველი უზარმაზარი არტისტების დიდ თანავარსკვლავედს შეუერთდა.“
ომარ ურუშაძე, ოზურგეთის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი: „ – როცა ოზურგეთის თეატრში მოვედი, ამირანი იყო საუკეთესო ფორმაში. მასეთი ძლიერი მსახიობი პერიფერიის თეატრში არ ყოფილა არსად. არამარტო ოზურგეთში, სსრკ-ს მასშტაბით იყო დაფასებული. სულ გმირებს, მთავარ როლებს თამაშობდა. ქედმაღალი არ იყო, იყო კეთილი, ჩვეულებრივი ამირანა, არაჩვეულებრივი მსახიობი და არაჩვეულებრივი, სიცოცხლით სავსე ადამიანი. საუკეთესო პარტნიორი იყო სცენაზეც, მისებურ მუხტს გადმოგდებდა, ძალიან უხდებოდა სცენას. მის გარეგნობას პეწს ჰმატებდა მისი იერი, შინაგანი ძალა. ამირანი შესანიშნავი თამადა იყო. ვიკრიბებოდით ჩემთან ამირანი, გივი ახმეტელი, ჯემალ კეჭაყმაძე, ნუგზარ ბარამიძე. ჩვენ თეატრის ვოკალური ანსამბლის სოლისტები ვიყავით. ჩვენი მოლხენა-სიმღერა დილამდე გასტანდა. მეზობლებს ფანჯრები ღია ჰქონდათ და სიამოვნებით გვისმენდნენ.“ ქალბატონი ალდონა ერქომაიშვილი, ამირანის მეუღლე იხსენებს: „ამირანი ბოლო წლებში ავადმყოფობდა. შარშან, ზაფხულის მიწურულს, ბოლო დღეებში, სანამ გარდაიცვლებოდა ორი თვით ადრე, მითხრა ძალიან მენატრება ოზურგეთიო. შევთავაზე გურიაში გამგზავრება სამომავლოდ გადაგვედო, ხოლო ვინც ენატრებოდა, ისინი თბილისში მოგვეწვია. მიპასუხა: თეატრი მენატრება ჩემებზე ძალიან. თეატრი ხომ ვერ ჩამოვაო…“ „ოზურგეთი, სადაც ჩემი მაყურებელია, ჩემი განძიაო“ – ამბობდა ბატონი ამირანი. 2012 წელს, დიდი ხნის პაუზის შემდეგ ოზურგეთის თეატრის სცენაზე გამოჩენისას მაყურებელი ტაშით შეეგება. უდიდესი მადლიერებით იხსენებდა ამას – ნუთუ ამდენი გავაკეთე მე ოზურგეთისათვის, რომ მაყურებელი ამხელა სიყვარულით შემეგება და ისევ ვახსოვარო? ეს მისთვის იყო უბედნიერესი წუთები. თბილისში საცხოვრებლად წასულ ამირან ქადეიშვილს ბევრი შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ სხვა თეატრი არასოდეს აურჩევია, მხოლოდ კინოროლებზე დათანხმდა. ოზურგეთის თეატრს, მეგობრებს, თითოეულ თანამშრომელს, თბილად მოიკითხავდა, სადღესასწაულო დღეებს გვილოცავდა დიდი სითბოთი და გულისყურით. დიდი სიყვარული და ავტორიტეტი დატოვა თეატრალურ თუ ზოგადად საზოგადოებაში. ამირან ქადეიშვილი შარშან, 6 ოქტომბერს გარდაიცვალა პოსტკოვიდური გართულებებით. მისი ერთ-ერთი აუხდენელი ნატვრა ოზურგეთის რეაბილიტირებულ თეატრში მოსვლა იყო. ოზურგეთის თეატრის განახლებულ შენობაში სამხატვრო ხელმძღვანელის ბატონი ვასო ჩიგოგიძის ინიციატივით არსებობს ამირან ქადეიშვილის სახელობის საგრიმორო. ოზურგეთის თეატრი მასთან ვერ ჩავიდა, მაგრამ მის სახელთან კავშირს არასოდეს გაწყვეტს. თეატრის კიბეზე მისი სახელობის ვარსკვლავი ხვდება მაყურებელს, მისი სახელია თეატრის ისტორის საუკეთესო წლების ერთ-ერთი მახასიათებელი ოზურგეთის თეატრის სხვა მნიშვნელოვან და საამაყო სახელებთან ერთად, რომლებზეც თვითონ ყოველთვის დიდი რიდითა და აღტაცებით საუბრობდა.
ლია კილაძე, თეატრის პრეს სამსახური.