სანქციები და ზეწოლა რუსულ ეკონომიკაზე უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს მისი ეკონომიკური სისტემის სრულ კოლაფსამდე – ეს განცხადება საქართველოში უკრაინის ელჩის მოადგილემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც შეაჯამა ის ვითარება, რომელიც ამჟამად საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანაშია.
“მთელ მსოფლიოში მსხვილი ბიზნესისთვის რეპუტაცია არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ფული. თვალის დახუჭვა რუსეთის დანაშაულზე, ნიშნავს, რომ შენ ხარ თანამონაწილე. არ უნდა გააკეთოთ ფული დიქტატურაში, რომელიც ანადგურებს მშვიდობიან ქალებსა და კლავს ბავშვებს, ესვრის ჰუმანიტარული ტვირთის მანქანებს, ბომბავს ეკლესიებსა და უნივერსიტეტებს, ხოცავს მოსახლეობას, რომელიც ამბობს უარს ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე. სანქციები არის კონკრეტული დარტყმა, რომელსაც იგრძნობს რუსეთის მოქალაქე” ამბობს უკრაინის ელჩის მოადგილე.
დიპლომატის თქმით, მსოფლიო აგრძელებს უკრაინის დახმარებას როგორც ეკონომიკურად და ჰუმანიტარულად, ისე სამხედრო თვალსაზრისითაც და ამ თემებზე უკრაინის პრეზიდენტი უკვე ესაუბრა აშშ-ს პრეზიდენტს, ამერიკელ კონგრესმენებს, შედგა საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორისაც.
ელჩის მოადგილე ამბობს, რომ მსოფლიო უნდა დაიცვას უკრაინის ცა რუსული აგრესიისგან და რუსული ბომბებისგან.