„ოზურგეთის მაზრის უფროსმა მიიღო ცნობები იმის შესახებ, რომ მზადდებოდა ყაჩაღების თავდასხმა ნატანების რკინიგზის სადგურზე. რის გამოც მაზრის უფროსმა ნატანებში მიავლინა პოლიციის სტრაჟნიკების რაზმი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მაზრის უფროსის თანაშემწე ნ. ს. ჩიქოვანი. ადგილზე მისვლისას სტრაჟნიკებმა ნატანების რკინიგზის სადგურის სიახლოვეს ალყა შემოარტყეს ორ ყაჩაღს, რომლებიც თავს აფარებდნენ სასიმინდეს და მოსთხოვეს ნებაყოფლობით ჩაბარებოდნენ.
.
ყაჩაღებმა პოლიციის მოთხოვნას გამალებული სროლით უპასუხეს, შემდეგ კი გამოვადნენ სასიმინდიდან და სროლით გაიქცნენ იქვე არსებული სიმინდის ყანისკენ. გაქცეულებს სტრაჟნიკები სროლითვე დაედევნენ. ორმხრივი სროლის შედეგად ერთი ყაჩაღი დაჭრილი წაიქცა, თუმცა სროლა არ შეუწყვეტია, რის შედეგადაც ადგილზე მოკლა ურიადნიკის თანაშემწე ჯაფარიძე. მეორე ყაჩაღმა კი მოასწრო სიმინდის ყანაში დამალვა.
.
დაჭრილი ყაჩაღი შემდგომი ორმხრივი სროლისას მოკლული იქნა; იგი აღმოჩნდა მაზრაში ცნობილი ყაჩაღი სიმონ დოლიძე, რომელსაც ბრალი ედებოდა მთელ რიგ მკვლელობებში და 1910 წელს ნიგოითი-საჯავახოს გადასარბენზე ძარცვის მიზნით მატარებელზე თავდასხმა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მოკლულს აღმოაჩნდა რევოლვერი „მაუზერი“ მისადგმელი კონდახით და რევოლვერი „კოლტი“ ასზე მეტი ვაზნით, ასევე თან ჰქონდა ხანჯალი. მეორე ყაჩაღი სავარაუდოდ დაჭრილი უნდა იყოს.“
.
თარგმნილია რუსულიდან – გაზეთი „კავკაზი“ (Кавказ) 1911 წელი 13 (26-ი) ოქტომბერი #226
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.