რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციაზე მსოფლიო თანამეგობრობის არასაკმარისმა რეაქციამ 2014 წელს, მიგვიყვანა რუსეთის ამჟამინდელ აგრესიამდე უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„მთელ დასავლურ სამყაროს რომ ხმა ამოეღო 2014 წელს ყირიმში შეჭრაზე, შევეჯახებოდით იმ სურათს, რომელიც დღეს არის? თუმცა, ყირიმის ოკუპაციაზე გაჩუმებულები ახლა უკვე რაღაცას ამბობენ. განა სამართლიანობა მსოფლიოს ერთ ნაწილში მოქმედებს და მეორე ნაწილში უმოქმედოა? ეს რა მსოფლიოა? სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობამ არ გამოავლინა სათანადო მგრძნობელობა და არ გამოხატა აუცილებელი მხარდაჭერა ამ უსამართლობის აღმოსაფხვრელად”,- განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, ამჟამინდელი რუსული აგრესიის აღკვეთა უკრაინის წინააღმდეგ შესაძლებელი იყო დიპლომატიური ინსტრუმენტების ქმედითად გამოყენების შემთხვევაში.
„უკრაინა მარტო დარჩა თავის სამართლიან ბრძოლაში. დღეს ჩვენ ვეჯახებით პრობლემის დამანგრეველ და მტკივნეულ შედეგებს, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია დიპლომატიური გზით, თუკი დროულად გამოვავლენთ ძლიერ ნებას. როდესაც ვხედავთ, როგორ ტოვებენ მშვიდობიანი მცხოვრებლები სახლებს, როდესაც ბავშვები შეშინებულები არიან, ქალაქები ნანგრევებშია, უდანაშაულოები იღუპებიან, ჩვენი მწუხარება იზრდება გეომეტრიული პროგრესით” , – განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაართულა დევნილთა ისედაც მნიშვნელოვანი პრობლემები.
რეზონანსი