შესაძლებელია, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს ტურიზმის მოტივით შემოსული ადამიანების გამო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „რეზიუმე” განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი აუცილებლად უნდა შემოიღოს.
„პირველ დღეს საქართველოს ხელისუფლებას უნდა ელაპარაკა აბსოლუტურად გარდაუვალ მოვლენებზე, რომელიც საქართველოს შეეხება და საქართველოც თანამონაწილე იქნება. პირველი დღის უხერხულობა, რომ არ იცოდნენ რა უნდა ეთქვათ, სანქციებს შევუერთდეთ თუ არა, ძალიან მარტივად შეეძლოთ, ეს ყველაფერი პოზიტიური რიტორიკით შეევსოთ და დაეფარათ. ელაპარაკათ იმაზე, რასაც ისინიც აუცილებლად გააკეთებენ. სავიზო რეჟიმი აუცილებლად უნდა შემოვიღოთ რუსეთის მოქალაქეებისათვის და უტვინო ლაპარაკი იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა” მთხოვს და კი, მაგრამ თქვენ არ შემოიღეთო? – რა დროს ამაზე ლაპარაკია, 2009-2010 წელს ვინ, რა გააკეთა, როდესაც მყისიერია საფრთხე, ახალია თავისი ბუნებით და პრინციპულად განსხვავებულია. შესაძლებელია, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, პირდაპირი მნიშვნელობით, კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს ტურიზმის მოტივით შემოსული ადამიანების გამო. მუდმივად უნდა საუბრობდეს საქართველოს ხელისუფლება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელის შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ევროპაში მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს, სადაც ასევე საქართველოც ჩართულია.
„არ ვიცი, რას ნიშნავს მესამე მსოფლიო ომი. იაპონიაში, რომ ჩამოვარდეს ბომბები, ამას ნიშნავს მაინცდამაინც? – ეს ჩემთვის გაუგებარია. მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს დღეს ევროპის შუაგულში. თუ მეორე მსოფლიო ომს ერქვა მეორე მსოფლიო ომი, ზუსტად ასეთ ომს ვუყურებთ დღეს უკრაინაში. რადგან მხოლოდ ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი სახელმწიფოა ამ ომში ჩართული. ამ ომში ვართ ჩართული ჩვენც, მოლდოვაც და ყველა ის ქვეყანა, სადაც რუსული სამხედრო ძალები დგანან ამ ქვეყნების სუვერენული ხელისუფლებები ნების გარეშე”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.