პრეზიდენტს უნდოდა, რომ პარლამენტს მისი მოგზაურობების შედეგები მოესმინა, რა გაკეთდა და რა არის საჭირო. ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, როდესაც შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში დღევანდელი გამოსვლა.
ფრიდონ ინჯიას განმარტებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავს, ამიტომ მიაჩნია, რომ როდესაც სალომე ზურაბიშვილი „ამ საკითხებით მიდის“ ვიზიტით სხვა ქვეყნებში, მაშინ, ამის თაობაზე უნდა შეუთანხმდეს მთავრობას, პარლამენტს – იმას, ვინც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას.
ამასთან, როგორც ინჯიამ აღნიშნა, ისურვებდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაითვალისწინოს მისი სურვილი და ხედვა.
„დღეს, ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი თავის ქმედებებში, თავის ჩარჩოში, რა ევალება, რისი უფლება აქვს შეზღუდულია. აქ, მის მიერ უკმაყოფილება გამოითქვა, რომ ის გახლდათ ევროპაში, შეხვდა სხვადასხვა თანამდებობის პირს, პრეზიდენტებს. უნდოდა, რომ პარლამენტს მოესმინა მისი მოგზაურობების შედეგები, რა გაკეთდა და რა არის საჭირო. ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მას განსაზღვრავს პარლამენტი და მთავრობა. მას, როგორც პრეზიდენტს კონსტიტუციიდან გამომდინარე ამასთან შეხება არ აქვს და თუ ის ამ საკითხებით მიდის და მას გარკვეული გამოცდილება აქვს, ქვეყნის მიმართ ერთგულება ბევრჯერ დაუმტკიცებია, მაშინ, პრეზიდენტი უნდა შეუთანხმდეს მთავრობას, პარლამენტს, იმას, ვინც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას“, – აცხადებს ინჯია.