უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ახალი სამხედრო ალიანსის, U24-ის შექმნის ინიციატივა წამოაყენა.
უკრაინის პრეზიდენტს სურს შეიქმნას სამხედრო ალიანსი, რომელიც აგრესორ ქვეყანას მოქმედებით შეტევის დაწყებიდან 24 საათში უპასუხებს.
“მივმართე აშშ-სა და ყველა პასუხისმგებელ სახელმწიფოს ახალი გაერთიანების, ახალი კავშირის – U24-ის შექმნის შესახებ, რომელიც შექმნის გარანტიას, რომ ყოველი აგრესორი მსოფლიოსგან მიიღებს კოორდინირებულ პასუხს სწრაფად და ეფექტიანად, დაუყოვნებლივ, არა კვირის, თვის, წლის შემდეგ, არამედ თავდასხმის დაწყებიდან 24 საათში”. – თქვა ზელენსკიმ.
ამავდროულად, ზელენსკი უნდობლობას უცხადებს უკვე არსებულ ინსტიტუციებს.
“აღარ შეგვიძლია ვენდოთ არსებულ ინსტიტუციებს. ვერ ვიქნებით იმის იმედზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ბიუროკრატები ასე მალე შეიცვლებიან, ამიტომაც, უნდა ვეძებოთ ახალი გარანტიები, შევქმნათ ახალი ინსტრუმენტები, მივიღოთ ისინი, ვინც გაბედულად გააკეთებს იმას, რასაც სამართლიანობა მოითხოვს”. – თქვა ზელენსკიმ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.