უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არიან ნეიტრალიტეტი განიხილონ, თუმცა ამისთვის ქვეყანაში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. ამ თემაზე მან რუს ჟურნალისტებთან იმ ინტერვიუში ისაუბრა, რომლის ჩვენებაც პუტინმა აკრძალა. პარალელურად, კი მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რომლებმაც ეს ინტერვიუ ჩაწერეს, რუსეთში გამოძიება დაიწყო.
უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოლაპარაკების მაგიდას უკრაინული მხარე არ მიუჯდება თუ რუსეთი ისევ დაიწყებს დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციაზე საუბარს.
“უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი, ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები, რამდენადაც მახსოვს, ეს იყო რუსეთისთვის ყველაზე პრინციპული პუნქტი. ამის გამო ომი დაიწყეს.
უკრაინას შეუძლია რეფერენდუმზე მიიღოს გადაწყვეტილება ნეიტრალურ სტატუსზე, მაგრამ კონვენციის თვალსაზრისით, არავინ არასდროს ჩათვლის ამ რეფერენდუმის შედეგებს, თუ ქვეყნის ტერიტორიაზე არის ჯარები, შეიარაღებული უკანონო ფორმირებები ან სხვა სახელმწიფოს კანონიერი ფორმირებები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ეს შეუძლებელია, ჯარები უნდა გაიყვანონ.
გარანტიებს ყველა მოაწერს ხელს და ეს ყველაფერი გააგრძელებს მუშაობას, შემდეგ იქნება რატიფიცირება პარლამენტში, რეფერენდუმი რამდენიმე თვეში და ცვლილებები კონსტიტუციაში”, – ამბობს ზელენსკი.