ომის დასასრულის დასაწყისი – ვისთვისაა მომგებიანი მოლაპარაკების პირველი შედეგები

სტამბოლში უკრაინა-რუსეთის განახლებული მოლაპარაკების პირველი დღე ხელშესახები შედეგით დასრულდა. უკვე გამოიკვეთა სამშვიდობო შეთანხმების რეალური პირობები, რომელთაც ირგვლივ მსჯელობის გამართვაზეც ორივე მხარე თანახმაა. ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, ეს პირობები უკრაინის გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, როცა ჯერჯერობით ხელი არაფერზეა მოწერილი, ამის დარწმუნებით თქმა რთულია.

სამშაბათს ორივე მხარის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებებში დასახელდა შეთანხმების სავარაუდო დეტალები:

პირველ რიგში ცნობილი გახდა, რომ საბრძოლო მოქმედებები შეწყდება კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით, თუმცა, სავარაუდოდ, გაგრძელდება უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. რუსული სარდლობა პრაქტიკულად არც მალავს, რომ ახლა მთლიანად დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დაკავებაზე იქნება ორიენტირებული.

უკრაინა უარს ამბობს ნატო-სკენ სწრაფვაზე და თანხმდება ნეოტრალური, არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსს, რომლის ნეიტრალიტეტის გარანტორიც რამდენიმე სახელმწიფო იქნება, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები.

რუსეთს არაფერი ექნება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის ევროკავშრშ გაწევრიანება კიდევ უფრო დაჩქარდება.

დროებით გაიყინება ყირიმის თემა და მხარეები ყრიმისა და სევასტოპოლის სტატუსის განსაზღვრისთვის უახლოესი 15 წლის განმავლობაში გამართავენ მოლაპარაკებას. ამასთან, ორივე მხარე დროის ამავე პერიოდში უარს იტყვის პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრაზე.

ორმხრივი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დოლმაბაჰჩეს სასახლეში დაახლოებით სამი საათს გაგრძელდა. მთავარი შეხვედრის დაწყებამდე მხარეთა წარმომადგენლებმა ვლადიმირ მედინსკიმ და დავით არახამიამ პირისპირ ფორმატში გამართეს მოლაპარაკება.

მოლაპარაკების დაწყებამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დელეგაციების წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

რუსების პოზიცია

რუსული მედიის თანახმად, რუსეთი არმიის სარდლობამ კიევთან და ჩერნიგოვთან სამხედრო აქტივობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას კონფლიქტის დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

„რუსი სამხედროები მკვეთრად შეამცირებენ სამხედრო აქტივობას კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ კიევში მიიღება შესაბამისი ძირითადი გადაწყვეტილებები და შეიქმნება პირობები შემდგომი ნორმალური მუშაობისთვის”, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ფომინმა, რომელიც რუსული დელეგაციის წევრია, სტამბულში რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„ჩემი მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ასევე ვდგამთ ორ ნაბიჯს კონფლიქტის დეესკალაციისკენ”, – განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმერ მედინსკიმ, წერს სააგენტო „ტასს”-ი, თუმცა რა ნაბიჯებზეა საუბარი დაკონკრეტებული არაა.

მედინსკისვე ინფორმაციით, სტამბოლში რუსეთმა უკრაინისგან „მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია მიიღო”. მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. მოსკოვმა კი კიევს პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესთავაზა.

როგორც „რია ნოვოსტი” წერს, რუსეთი განიხილავს უკრაინის წინადადებებს და ამის შესახებ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეატყობინებს.

უკრაინელების პოზიცია

უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან ნამდვილად გაჰყავთ. ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, კარდინალურად შემცირდეს საბრძოლო მოქმედებები კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით.

უკრაინამ მოლაპარაკებების დროს რუსეთს უსაფრთხოების გარანტიების ახალი სისტემა შესთავაზა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, სახელმწიფოს ნეიტრალურ სტატუსსაც მოიცავს. წარმოადგინა თავისი მოსაზრება, თუ ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემდეგ, მისი უსაფრთხოება როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. უსაფრთხოების გარანტორები კი იქნებიან საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, იტალია, ისრაელი, პოლონეთი და კანადა.

„უსაფრთხოების სისტემა, რომელიც ევროპაში იყო, დაიბზარა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ მუშაობს. რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ახალ სისტემას, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ეს იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერება და რატიფიცირებული იქნება ყველა გარანტის მიერ, რათა არ განმეორდეს შეცდომები, როგორც ბუდაპეშტის მემორანდუმის შემთხვევაში”, – ციტირებს მედია უკრაინის დელეგაციის წევრის დავით არახამიას სიტყვებს.

ამასთან, უკრაინის დელეგაციის წევრმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიების ახალი სისტემა არ იმუშავებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებსა და ასევე ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ დაურეგულირებელი საკითხები გვაქვს ყირიმთან და აღმოსავლეთ უკრაინასთან დაკავშირებით. ამიტომ გარანტიები დროებით არ იმუშავებს ამ ტერიტორიებზე. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მოგვცა წინასწარი თანხმობა, მაგრამ ჩვენ ველით ოფიციალურ განცხადებებს. ეს ის სისტემაა, რომელზეც გვსურს ავაშენოთ უკრაინის მომავალი უსაფრთხოების თვალსაზრისით”, – განაცხადა არახამიამ.

უკრაინული სააგენტო „უნიანი” წერს, რომ უკრაინის დელეგაციის წევრის და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მხარეებმა გარკვეული შეთანხმების მიღწევა შეძლეს.

„ამ შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდება შემდეგი პროცედურის მიხედვით: პირველი, ეს იქნება რეფერენდუმი, რომელშიც უკრაინის ყველა მოქალაქე გამოხატავს თავის პოზიციას ამ შეთანხმების შესახებ. ამის შემდეგ მოხდება ხელშეკრულების რატიფიცირება”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, ყირიმის საკითხი შეთანხმების ცალკე პუნქტია, რომელშიც უკრაინული მხარე რუსეთს სთავაზობს უკრაინისა და რუსეთის პოზიციის დაფიქსირებას და 15 წლის განმავლობაში ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსზე.

ცალკე პუნქტად, უკრაინული მხარე რუსულ მხარეს სთავაზობს შემდეგს: უკრაინა და რუსეთი არ გამოიყენებენ სამხედრო და შეიარაღებულ ძალებს ყირიმის საკითხის მოსაგვარებლად ამ პერიოდის განმავლობაში.

უკრაინის მოთხოვნაა ნატოს მე-5 პუნქტის ანალოგიური უსაფრთხოების მკაფიო გარანტიის შექმნა, ასეთ შემთხვევაში, უკრაინა მუდმივი ნეიტრალიტეტის, უბლოკო და არაბირთვულ სტატუსზე თანახმა იქნება.

„ძალიან დიდი ლუკმა”, რომელიც რუსეთმა ვერ გადაყლაპა

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ შედეგი მისასალმებელია – ეს ცალსახად უკრაინის გამარჯვებაა, რუსეთმა კი ამით თავისი სტრატეგიული ჩავარდნა აღიარა.

„მისასალმებელია, რომ ასეთი არსებითი შედეგი დადგა. რუსეთი ახალს ვერაფერს აიღებს. წლების განმავლობაში ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის საკითხები ისევ გაიწელება. კარგია, რომ სისხლი არ დაიღვრება და მოლაპარაკებები წლების განმავლობაში გაგრძელდება. მიხვდა, რომ მთელ უკრაინას ვერ აიღებს და კიევიდან ძალებს ხსნის.

„რუსეთმა პრაქტიკულად თავისი სტრატეგიული ჩავარდნა აღიარა. მიხვდა, რომ ძალიან დიდი ლუკმა მოკბიჩა და ვერ გადაყლაპა. რუსეთი ყოველთვის იმდენს კბეჩს, რამდენსაც ყლაპავს, პირველად მოუვიდა ეს შემთხვევა.

„საბოლოო შედეგი როგორი დადგება, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთმა უკვე აღიარა, რომ მისი ინტერესები მხოლოდ დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის გარშემო ტრიალებს და ისიც 15 წლის განმავლობაში. ერთადერთი, რაზეც კიევი მიდის, ესაა ნატოში არგაწევრიანება. საბოლოო ჯამში, თუ ამას ხელი მოეწერება, დასავლეთის სახელმწიფოებიდან გამაოგნებელ და უფრო მეტ მხარდაჭერას იღებს.

„უკრაინა კარგავს იმას, რომ რუსეთის აგრესიის გამო ხალხი დაეღუპა. მონაპოვარია ის, რომ არაფერი არ დათმო გარდა ნეიტრალიტეტისა. ნატო-ში გაწევრიანება ისედაც დიდხანს არ ჩანდა და ამ ბოლოს ყირიმს, დონეცკისა და ლუგანსკის ნაწილს ისედაც არ აკონტროლებდა. როგორც კი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, მაშინვე მზად იყო უკრაინა, რომ ნატო-ზე ემსჯელა, თუმცა რუსეთს ეგოინა, რომ გაიმარჯვებდა და სულელური დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია წარმოიდგინა, რაც არ გამოუვიდა.

„დოკუმენტი ჯერ კიდევ ხელმოწერილი არაა და თუ ეს შესრულდა, ეს რა თქმა უნდა უკრაინის გამარჯვებაა. რუსეთმა კი თავის ხალხი არაფრის გამო ჩახოცა, ვერც წინ წაიწია და ვერც ვერაფერს მიაღწია. არ მგონია, რომ მათ ოდესა აიღონ და უკრაინა ჩაკეტონ. ამ მოცემულობით რუსეთმა პუტინს კითხვა უნდა დაუსვას – ამდენი ბავშვი რაში ჩახოცა, შედეგი რა არის? ეს ნამდვილად შეიძლება შეფასდეს, როგორც ომის დასასრულის დასაწყისი,” – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია სამშაბათის მოლაპარაკებას და სტამბოლში გაკეთებულ განცხადებებს გარღვევად მიიჩნევს, თუმცა „რეზონანსთან” ამბობს, რომ ბევრი რამ ისევ გაურკვეველი რჩება. მაგალითად, როგორ განისაზღვრება დონეცკისა და ლუგანსკის სტატუსი და ასევე, დათმობს თუ არა რუსეთი იმ ტერიტორიებს, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ დაიკავა, მაგალითად, თუნდაც ქალაქ ხერსონს.

„ყირიმის საკითხი გაიყინება, დონასის სეპარატისტული რეგიონებზე ზელენსკი და პუტინი პირისპირ მოილაპარაკებენ. უკრაინამ აიღო ვალდებულება, რომ ნეიტრალური არაბირთვული სტასტუსის მქონე სახელმწიფო გახდეს. ამის გარანტორებად არა მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდივმოქმედი წევრები, არამედ რეგიონალური ჰეგემონები ჩაეთვებიან.

„ბუნებრივია, ეს შესაძლოა ომის დასასრულის დასაწყიოსად ჩაითვალოს, მაგრამ, ჩემი აზრით, საბრძოლო მოქმედებები კიდევ ორ კვირას გასტანს, რადგან უკრაინელებმა საკითხი დააყენეს, რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, კონსტიტუციური ცვლილებები შევიდეს, რაც დროს წაიღებს. რუსები რეფერენდუმს არ გამართავენ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპაციის ქვეშაა.

„როგორც ვხვდები, პუტინი ზელენსკისთან პირობას დააყენებს, რომ რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიღებს უკან, თუკი „მინსკი 2″-ის ხელშეკრულების მთავარი პრინციპი ამოქმედდება – რომ ლუგანსკი და დონეცკი უკრაინული ნეიტრალიტეტის გარანტი იქნებიან და ახალი ტიპის სახელმწიფო ჩამოყალიბდება. ალბათ ამაზე იქნება საუბარი, რადგან ყირიმზე 15-წლიანი მორატორიუმი დაიდო.

„პრობლემაა რუსები ხერსონს რამდენად დათმობენ და ამასაც ხომ არ მიითვისებენ, როგორც ყირიმზე გააკეთეს. ეს მაინც წინასწარი მოდელია და სიღრმეებში არავინ შედის. თუმცა ეს უკვე გარღვევაა. სავარაუდოდ ახლა რუსები შეეცდებიან, რომ კიევისა და ჩერნიგოვის ნაწილები სამხრეთის მიმართულებით გადაისროლონ და შეეცადონ 60 ათასიანი დაჯგუფება ალყაში მოაქციონ და როგორმე ხარკოვი და დნეპრი დაიკავონ.

„ეს ფრომულაა ვისთვისაა მომგებიანი, ამაზე საუბარი ახლა რთულია. თუ უკრაინელები ნეიტრალიტეტს გამოაცხადებენ, რუსები ჩათვლიან, რომ ეს მათთვის მომგებიანია, რადგან ნეიტრალიტეტი ნეიტრალიტრეტია, მათთვის არ ექნება მნიშვნელობა გარანტორი ვინ იქნება. როგორც ვხვდები, რუსეთი წინაარმდეგი არაა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრაინდეს.

„საინტერესო იქნება რუსეთი დონბასზე რას იტყვის, რადგან აღიარების წაღების ვარიანტი შესაძლოა რუსეთმა საქართველოს მიმართაც გამოიყენოს – მაგალითად, ისინი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე აღიარებას უკან წაიღებენ, თუ საქართველოში ანალოგიურ ნეიტრალურ სტატუსს მიიღებს. ზელენსკი-პუტინის შეხვედრა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იქნება”, – განაცხადა მაისაიამ.

რეზონანსი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share