ფრანგული გაზეთის – „ლე ფიგაროს“ (Le Figaro) ყოველკვირეულ დამატებაში, ჟურნალ „მადამ ფიგაროში“ (Madam Figaro) დაბეჭდილია სტატია სათაურით – „ფრანგი დიპლომატიდან – საქართველოს პრეზიდენტამდე: სალომე ზურაბიშვილის ევროპული ბედი“ (ავტორი – სოფიან ზაზუნი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„ყოფილი ფრანგი დიპლომატი, ამჟამად კი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, თავისი ქვეყნის ევროპაში ინტეგრირება განახორციელოს და წინ აღუდგეს რუსეთის მტაცებლურ მოქმედებას. შეხვედრა ლიდერთან, რომელიც უკრაინის შტორმის პირობებში სიმშვიდესა და სიმტკიცეს ინარჩუნებს.
იგი ავტორიტეტია, რომელიც ჩვენს დროში ისტორიულ როლს ასრულებს: პირველ რიგში იმიტომ, რომ უკრაინამ და საქართველომ, ასევე – მოლდოვამაც თითქმის ერთდროულად წარადგინეს განაცხადი ევროკავშირის წევრობის მიზნით რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ; მეორე, და ყველაზე მთავარი – იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონტინენტის ამ მხარეს აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ცნობილი და გავლენიანი წარმომადგენელია, რომელიც დასავლეთზე ოცნებობს და მისკენ ისწრაფვის: „ჩემი ისტორიის გათვალისწინებით, მე, სავარაუდოდ, ყველაზე პროევროპული პრეზიდენტი ვარ სრულიად პროევროპულ ქვეყანაში“, – იღიმის იგი.
სალომე ზურაბიშვილი დაბადებულია 1952 წელს პარიზში, სადაც მისმა მშობლებმა ბინა დაიდეს 1921 წლის შემდეგ. იგი მართლმადიდებელი სარწმუნეობის მქონე ქართული ოჯახიდანაა. [მის სანათესაო წრეში არიან] ეკონომისტები, ფილოსოფოსები, პოლიტიკური მოღვაწეები და ინტელექტუალები, ბიძაშვილის, ელენ კარერ დ’ენკოსის – ისტორიკოსის, აკადემიკოსის ჩათვლით. „თუმცა მე არასდროს მქონია რამე პრეტენზია“, – იხსენებს ქეთევან გორჯესტანი, პრეზიდენტის ქალიშვილი, ტელეარხ France 24-ის კორესპონდენტი ვაშინგტონში, – „ოჯახურ ამბებს, თუნდაც არაჩვეულებრივი ბედით, ძალიან მარტივად გვიამბობდნენ“.
სალომე ზურაბიშვილმა თვითონ შექმნა თავისი ბედი, რომანის ღირსი. ფრანგი ქალი, ბრწყინვალე დიპლომატი (მისი ვაჟი თეიმურაზიც, რომელიც ბოლო დრომდე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მრჩეველი იყო, თითქმის, იმავე გზით მიდის), მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მსახურობდა. 2003 წელს სალომე ზურაბიშვილი ბედმა [თავის ისტორიულ სამშობლოში – საქართველოში] მიიყვანა და რამდენიმე თვის განმავლობაში საფრანგეთის ელჩი იყო თბილისში, ცოტა მოგვიანებით კი – ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც გახდა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან წარმატებით გამართა მოლაპარაკებები რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გატანის თაობაზე… შემდეგ კი იყო რთული პოლიტიკური ცხოვრების რამდენიმე წელი. 2016 წელს სალომე ზურაბიშვილი ჯერ საქართველოს პარლამენტის წევრად, მოგვიანებით კი, ორი წლის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს – ქვეყნისა, რომელსაც რუსები ხშირად თავს ესხმიან.
იმ დროიდან მოყოლებული და განსაკუთრებით – ბოლო პერიოდში, სალომე ზურაბიშვილი მწვავედ აკრიტიკებს და უპირისპირდება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, ხვდება თავის კოლეგებს, დასავლურ მასმედიას ინტერვიუებს აძლევს. მის პიროვნებაში ერთდროულად სიმტკიცე და სიმშვიდე ჩანს. „ჩვენ, ქართველები, იმიტომ გადავრჩით და ვარსებობთ, რომ ვიცით, როგორ დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ენა და ჩვენი თვითმყოფადობა, დიპლომატიის ტრადიციებზე დაყრდნობით და განვითარებით. აი, ეს შთამაგონებს“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტს არ აქვს პრეტენზია რამით მიბაძვის მაგალითი იყოს, იგი სამი ძირითადი ფასეულობის ერთგულია: სიმშვიდე, ერთობა და თანხმობისაკენ სწრაფვა. „ვფიქრობ, როცა იგი დიპლომატად მუშაობდა, სწორედ ამ ფასეულობებს ეყრდნობოდა”, – ამბობს ქეთევან გორჯესტანი, – “იმიტომ, რომ ასეთი მამაკაცივით კატეგორიული და მტკიცე ქალი შეიძლება ისტერიკულ ქალად შეერაცხათ“. სხვათა შორის, თვითონ სალომე ზურაბიშვილიც დარწმუნებულია, რომ ქალს ასეთი პოზიცია უნდა ჰქონდეს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულების საკითხში. იგი თვლის, რომ ადამიანმა, სანამ ძალის გამოყენებას დააპირებს, მანამ დიალოგზე უნდა იფიქროს.
ალბათ, სალომე ზურაბიშვილი თავის პრინციპებს იმ მსოფლიო ფორუმზეც დაადასტურებს, რომელიც მან 25 მაისს უნდა ჩაატაროს – ქალთა ლიდერობის, ომისა და მშვიდობის საკითხებთან დაკავშირებით. ეს ფორუმი რუსეთ-უკრაინის ომამდე იყო დაგეგმილი, მაგრამ კრემლის სამხედრო ინტერვენციამ მას ახალი, დამატებითი აქტუალობა შესძინა, ომი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პერიოდს დაემთხვა (მისი პოლიტიკური კარიერის – პრეზიდენტობის მანდატი 2024 წელს მთავრდება). მისი ბედის გაგრძელება აუცილებლად კავკასიაში დაიწერება – იგი დღეს საფრანგეთის მოქალაქის ნაცვლად საქართველოს მოქალაქეა, იგი ამთავრებს თავისი ოჯახის დასავლური ასწლოვანი ცხოვრების პერიოდს და იმავდროულად იწყებს ახალს, საკუთარს, ასევე – არასტანდარტულს“.
კვირის პალიტრა