“საქართველოში არსებობს კანონები და კანონის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანქციებში მყოფი კომპანიები საქართველოში ვერ შეძლებენ ვერანაირ საქმიანობას” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა. კალაძის თქმით, “საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოსადგენი”.
“ეს იყო სამარცხვინო განცხადება, როგორც სხვა ბევრი სამარცხვინო განცხადება მოვისმინეთ. ჩვენ ველოდებით უკრაინის მხარეს, ბრალდება იყო მათი მხრიდან გაჟღერებული, სამარცხვინო ბრალდება, ამიტომ კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ. ყველაფერი მესმის, რომ ქვეყანა ომშია, ყველანაირად თავს ვიკავებთ რაიმე კომენტარის გაკეთებისგან, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ. არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან გამოხატული საერთაშორისო პლატფორმებზე, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც ღიად აღნიშნავენ, მაგრამ ის სამარცხვინო განცხადებები, რაც მოდის ბოლო დღეების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია“, – ამბობს კალაძე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. როგორც დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.
უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას უწოდებს. ასევე, სუს-ის განცხადებით, “საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით”. სუს-ის შეფასებით, თუ უკრაინა მტკიცებულებებს არ მიაწვდის, ჩაითვლება, რომ განცხადება პროვოკაციული ნაბიჯია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან შეხვედრისას, უკრაინის წარმომადგენლებმა დაზვერვის გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით “რაიმე სახის მტკიცებულება” ვერ წარადგინა.