საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა, რომელიც ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფების მხრიდან მუქარის სამიზნე გახდა, 22 მარტს პროკურატურამ დაზარალებულად ცნო და დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო
“2022 წლის 04 აპრილს საიას ეცნობა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, დაიკითხნენ მოწმეები და შესწავლილი იქნება საიას მიერ განცხადებაში მითითებული საკითხები. ასევე, პროკურატურამ სამირა ბაირამოვას მიმართ გამოიყენა დაცვის სპეციალური ღონისძიება და მას ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დამნაშავე პირების გამოკვეთა და მათთვის ბრალის წარდგენა ამ დრომდე არ მომხდარა”. – ნათქვამია განცხადებაში.
14 მარტს, მარნეულში ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის – კონსერვატიული მოძრაობის ოფისის გახსნა სამირა ბაირამოვამ ოფისის ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშების დახატვით გააპროტესტა. ამას ძალადობრივი ჯგუფის მხრიდან სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი გზავნილები მოჰყვა, ხოლო 16 მარტს, რადიკალური ჯგუფის წევრებმა მარნეულში მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა ჩაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო. თუმცა, საიას შეფასებით, ის ფაქტი, რომ ალტ-ინფოს მიერ 5-6 ივლისს განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ამგვარი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება ამ დრომდე დაუსჯელია, გამოძიების მიმართ ნდობას ამცირებს და ახალისებს მოძალადე ჯგუფების ქმედებებს.
პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამირა ბაირამოვას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო და მის მიმართ იერსახის დამახინჯების მუხლით ოქმი შეადგინა.