საერთაშორისო სააგენტო S&P Global-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა. უფრო კონკრეტულად, სააგენტოს განცხადებით, რუსეთმა ორი უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციის რუბლში გადახდის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ვალის დაფარვა 4 აპრილს უნდა მომხდარიყო. ა
მიუხედავად იმისა, რომ 4 აპრილიდან მოყოლებული რუსეთს ვალის დასაფარად 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი აქვს, საკრედიტო სააგენტო მიიჩნევს, რომ რუსეთი ვერ შეძლებს დასავლეთის სანქციების ფონზე აღნიშნული ვალის დაფარვას. შესაბამისად, როგორც განცხადებაშია აღნიშნული უცხოური ვალუტის სრული დეფოლტი რუსეთისთვის პირველი იქნება საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დასავლეთის სანქციების ფონზე რუსეთს 315 მლრდ დოლარის რეზერვებზე წვდომა აღარ აქვს, რაც ვალის გადახდისუნარიანობას კიდევ უფრო მეტად ამცირებს.
ამასთან, საგარეო ვალის დეფოლტამდე რუსეთში პირველი დეფოლტი 11 აპრილს სახელმწიფო რკინიგზაზე მოხდა. უფრო კონკრეტულად, რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო რკინიგზის მიერ გამოშვებული ობლიგაციების დაფარვა ვერ შეძლო. მანამდე რუსეთს ჰქონდა ასევე 10-დღიანი საშეღავათო პერიოდიც, თუმცა გადახდა არც ამ საშეღავათო პერიოდის პროცესში განხორციელებულა.