ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ დღეს გამართულ აქციაზე დაკავებული 46 ადამიანიდან 20-ის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. შსს-თან გამართულ ბრიფინგზე დეკანოიძემ ინფორმაციის გაცემა მოითხოვა.
“დაუყოვნებლივ გასცეს ინფორმაცია, სად იმყოფება 20 ადამიანი. ჩვენ ვიცით მხოლოდ 26 ადამიანის ადგილსამყოფელი და უფრო მეტსაც გეტყვით, ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ თბილისში, ეს ადამიანები გადაანაწილეს სხვადასხვა რაიონში. ეს ადამიანები, ჩვენი აქტივისტები, საკრებულოს წევრები, პოლიტიკური ლიდერები დააკავა კრიმინალურმა პოლიციამ. ამ ადამიანების ადგილსამყოფელი არ ვიცით”, – განაცხადა დეკანოიძემ.
დღეს, 10 ნოემბერს სუს-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს შენობებთან გამართულ აქციებზე ჯამში 46 ადამიანი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას.
პოლიციელები აქციის მონაწილეებს დაკავების მიზეზებს არ უხსნიდნენ. მათ ხელს კიდებენ და პოლიციის მანქანებში ძალის გამოყენებით სვამდნენ. ადამიანებს იმ დროსაც აკავებდნენ, როცა ისინი ჟურნალისტებთან კამერების წინ ლაპარაკობდნენ.