არის ასეთი გამოთქმა ფრანგ როიალისტებზე – ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც დაივიწყესო – 200 წლის წინ არის ეს გამოთქმა და დღესაც ზედგამოჭრილია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მარიონეტი NGO სექტორისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სუბარი ოპოზიციის წევრებს მიმართავს და მოუწოდებს, დესტრუქციას შეეშვან და სამშობლოს მომავალზე იფიქრონ.
„ოპოზიციამ ვერ შეძლო მათი ბელადის ვერცერთი ბრძანების და მოთხოვნის შესრულება. როცა მან (მიხეილ სააკაშვილმა) ოპოზიციას პარლამენტის დატოვება მოსთხოვა, საკუთარი პარტია აუჯანყდა და უარი უთხრა ბრძანების შესრულებაზე. როდესაც მასობრივი შიმშილობის დაწყება მოითხოვა, ჯერ დიდი ზარზეიმით დაიწყეს ეს აქცია, რამდენიმე დღის შემდეგ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად კი, ყველამ დაივიწყა. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, ყველა ქალაქსა და სოფელში სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტები შექმნილიყო, მაგრამ ოპოზიციას არც კი უცდია ამ მოთხოვნის შესრულება, ან შეიძლება სცადა და ვერ გააკეთა. საკუთარი პარტიის მხრიდან ამდენი იმედგაცრუების შემდეგ სააკაშვილი რამდენიმე აქტივისტისა და რადიკალურ ოპოზიციასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციის იმედად დარჩა. დღეს მის მოთხოვნას – დაიწყოს მასობრივი აქციები, მხოლოდ ორგანიზაცია „სირცხვილია“ და რამდენიმე აქტივისტი გამოეხმაურა. ეს ფაქტი მეტყველებს, რამდენად გამარგინალდა „ნაციონალური მოძრაობა“, მათი ბელადი და მათთან აფილირებული რადიკალური ოპოზიციაც.
არის ასეთი გამოთქმა ფრანგ როიალისტებზე – ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც დაივიწყესო. 200 წლის წინ არის ეს გამოთქმა და დღესაც ზედგამოჭრილია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მარიონეტი NGO სექტორისთვის. რომ გითხრათ, ძალიან გული მტკივა ოპოზიციის ბედზე, არ ვიქნები ბოლომდე მართალი, მაგრამ მაინც არ დავიზარებ და ერთ რჩევას მივცემ – დღეს, როდესაც მართლა ისტორიული მომენტია და გვაქვს შანსი, გავხდეთ ევროკავშირის წევრები საკმაოდ მალე, შეეშვით დესტრუქციას, შეეშვით მუდმივად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, მითუმეტეს მაინც არაფერი გამოგდით და ცოტა მეტი იფიქრეთ ჩვენს სამშობლოსა და ჩვენი ხალხის მომავალზე. მაშინ შეიძლება გამოჩნდეს თემები, სადაც თანამშრომლობა შეგვიძლია და სადაც თქვენც ჩართული იქნებით ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის საქმიანობაში.
პაატა მანჯგალაძემ ბრძანა, ისტორიული მოვლენების მოწმენი ვართო და მართლაც ასეა. ამ ფონზე თითქოს უნდა შეცვლილიყო ჩვენი ოპოზიციის ქცევა და რიტორიკა, მაგრამ ასე არ მოხდა. არათუ ასე არ მოხდა, არამედ პირიქით – რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში არიან ჩაბმულნი. ყველაფერს აკეთებენ, რათა შეძლონ საქართველოს ჩათრევა რეალურ ომში. ომში, რომელიც ჩვენს მოძმე უკრაინაში მიმდინარეობს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოპოზიციამ სცადა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საკუთარ ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად გამოეყენებინა. ყველაფერს აკეთებდნენ და მცდელობა დღესაც არ შეუწყვეტიათ, რომ ამ ომში უშუალოდ ჩავერთოთ. ახლა კი, როდესაც გაჩნდა ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების პერსპექტივა, ოპოზიცია ისევ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებზე ლაპარაკობს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.