გურია “პუტინის თვალებით”
უკვე მერამდენე კვირაა გურიის ადმინისტრაციული ცენტრი, ასევე ჩოხატაური და ლანჩხუთი, პროპუტინისტური ორგანიზაციის, „კონსერვატიული მოძრაობის“, (რომელსაც საზოგადოებაში უფრო მეტად „ალტ ინფოს“ სახელით იცნობენ) წინააღმდეგ, საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა.
სამოქალაქო აქტივისტები, უბრალო მოქალაქეებთან ერთად ამ პარტიის ოფისების გახსნას აპროტესტებენ და ცდილობენ, რომ მათ ფუნქციონირების საშუალება არ მისცენ.
რა ხდება გურიაში? რა ამოძრავებთ პროტესტანტებს? არის თუ არა ეს ირიბად სიტყვის გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული ქმედება და ეზღუდებათ თუ არა „ალტ ინფოს“ მომხრეებს“ მათთვის მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები?
სანამ ამ თემაზე გადავიდოდეთ, მინდა ვთქვა რომ პროპუტინისტური ორგანიზაციის წინააღმდეგ არსებული პროტესტი რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, იქ ჩადენილი რუსი ჯარისკაცების სამხედრო დანაშაულებებმა და სისასტიკემ – უფრო გაამძაფრა.
ამაზე მეტად კი „ალტინფოს“ ასე თუ ისე, ცნობადი სახეების აღმაშფოთებელმა კომენტარებმა დაღუპულ ბავშვებსა და გაუპატიურებულ მოზარდებზე.
ვინაიდან ყველა ამ აქციას ვაშუქებ და მეტიც, აქციის დაწყებიდან დასრულებამდე მოვლენების ეპიცენტრში ვარ, გარკვეულწილად , ჩემი ინტელექტუალური შესაძლებლობების ფარგლებში, ვეცდები გაავანალიზო ძირითადად რა ამოძრავებს პროტესტანტებს. რას უფრთხიან ისინი და რა მიზნები შესაძლოა ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოებას მაშინ, როცა ეს ყველაფერი ხელისუფლებას „ცალ ფეხზეც“ კი არ ჰკიდია.
თავდაპირველად მინდა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა „ალტ ინფოსთან“ მიმართებაში სიტყვა პრორუსულის გამო.
„ნორმალურ ვითარებაში „პრორუსული ორიენტაცია“ ნიშნავს საქართველოს სტრატეგიული საგარეო-პოლიტიკური ინტერესის რუსეთის სახელმწიფო ინტერესებთან თანხვედრასა და ჰარმონიზაციას, რუსეთთან კეთილმეზობლობისა და მოკავშირეობის საშუალებით ქართული სახელმწიფოს შინაგანი კონსოლიდაციისა და რეგიონული გავლენის უზრუნველყოფისკენ სწრაფვას.“ აქ (ჯანდაბას) ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გულბაათ რცხილაძეს ვციტირებ.
მაგრამ, არსებობს ერთი მაგრამ, ნორმალურ ვითარებაში.
ასეთი ტიპის ორგანიზაციად ჩვენ შეგვეძლო წლების წინ ნინო ბურჯანაძის მოძრაობა გაგვეხილა.
რაც შეეხება „ალტ ინფოს“ აქ საქმე არა პრორუსულობასთან, არამედ პირდაპირ რუსულ ძალასთან გვაქვს.
რა მოხდა უკრაინაში? როცა იქ რუსული ჯარები შევიდნენ და მათ მოახდინეს რამდენიმე ათეული პატარა ქალაქების ოკუპაცია, გოსტომელი, ირპენი, ბუჩა და ასე შემდეგ, თავისთავად ჯარებს, შემდეგ, სპეცსამსახურებიც შეყვა.
ამ სპეცსამსახურებმა კი წინასწარ იცოდნენ მთელი დასახლებების პოლიტიკური და სოციალური რუკა, ვგულისხმობ იმას, თუ რომელ სახლში ჯარისკაცი ცხოვრობდა, რომელ სახლში საჯარო მოხელე, რომელ სახლში სამოქალაქო აქტივისტი, რომელ სახლში უკრაინის მედგარი მხარდამჭერი, სად რამდენი გოგონა და ბიჭი, სად პოლიციელი და მეხანძრე თუ მაშველი, როგორი იყო მათი ოჯახური მდგომარეობა, სად იყვნენ მათი შვილები და ასე შემდეგ.
წლების განმავლობაში ვინ აგროვებდა ამ ცნობებს რუსეთისათვის? ვის საფარქვეშ ხდებოდა ამ მასალის აკუმულირება და რუსეთში გადაგზავნა?
ძირითადად უკრაინაში მოქმედი რუსული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობების მიერ, სხვათაშორის უკვე ომის დროს ერთ ერთი ოპოზიციური საპარლამენტო პარტია აიკრძალა უკრაინაში, (ОПЗЖ) მათი დეპუტაციის, რადასა და ადგილობრივი საბჭოების დონეზე, რუსების მხარეზე გადასვლასა და მათთან კოლაბორაციული თანამშრომლობის გამო.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ გურიაში კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ამ საპროტესტო აქციების ავანგარდში დგას, ერთ მშვენიერ დღეს, უკრაინაში (დიდი ალბათობით) ფიასკოს ფონზე თუ პუტინმა მისი გაუპატიურებული პატივმოყვარეობის გადასაფარად საქართველოს დარჩენილი ნაწილის მიერთებაც გადაწყვიტა, მოსალოდნელი ოკუპაციის დროს, ჩვენი მტრის ხელში ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება, არა მარტო ირმა გორდელაძეზე თუ თამარ ოგანოვაზე, ოთარ რევიშვილზე თუ სხვა დანარჩენზე, არამედ იმ პოლიციელებზე და მათ ოჯახებზე არხეინად რომ იცავდნენ, გუშინ, ოზურგეთში, „ალტ ინფოს“ ოფისს. ასევე იმ მაშველებზეც და მეხანძრეებზეც, რომლის ყოფილი უფროსის მამა აქტივისტებს რომ ემუქრებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა.
დიახ, მოძრაობას, რომელიც გურიაში „კონსერვატიული მოძრაობის“ ფუნქციონირებისათვის წინააღმდეგობის გაწევა დაუსახავს მიზნად, ზემოთქმული ლაიტმოტივად გასდევს და ისინი საკუთარ თავს კი არ იცავენ, არამედ ყველა სოციალურ ჯგუფს ცალცალკე და ერთად აღებულ საზოგადოებას „პუტინის თვალისაგან“.
და ყველამ უნდა იცოდეს, რომ როცა ე.წ. „მამა ვახტანგის“ (გურიაში „ალტინფოს“ კრებითი სახელი) ელაპარაკები, ანაფორადან „გლაზოკში“ ჩამონტაჟებული „პუტინის თვალი“ გიმზერს, გიწერს, ამუშავებს, აანალიზებს და შენს „მოსარჯულებელ“ მეთოდებს ხვეწს.
ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები იკითხავენ, რაში ჭირდება რუსეთს ეს, როცა ‘ქართული ოცნება“ ჰყავთ ხელისუფლებაში?
იმაში, რომ მმართველი პარტია თავის „გასაყიდს ყიდის“, უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე ეს „ალტ ინფოს“ ხვედრია, „კონსერვატიული მოძრაობა“ გურული კილოკავით რომ ვთქვათ-მას „ეხიდება“ – უფრო წვრილმანი და ამომწურავი ინფორმაციის დაგროვების საქმეში, იმიტომაცაა მოაზრებული „ალტ ინფო“ „ქართული ოცნების“ მეხამრიდად, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და მოკავშირეთ.
ლადო მენაბდე