„უკრაინაში კაცები კომისარიატის რიგებში დგანან, საქართველოში მაკარონის რიგებში“ – გუბაზ სანიკიძე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „TV პირველის“ ეთერში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ის, ასევე, შეეხო მიხეილ სააკაშვილის საკითხს. მისი თქმით, 2008 წელს მიაჩნდა, რომ ომი ორი ადამიანის, ვლადიმერ პუტინისა და მიხეილ სააკაშვილის, დაპირისპირების გამო იყო. თუმცა, ახლა უკრაინის ომის ფონზე, სანიკიძე ფიქრობს, რომ სრული მორალური და პოლიტიკური რეაბილიტაცია მოხდა მიხეილ სააკაშვილის.

„აჩემებული გვქონდა, რომ 2008 წლის ომი იყო ორი ადამიანი კონფლიქტი, პუტინის და სააკაშვილის. მეც ასე ვთვლიდი, რომ ამ ორი ადამიანის დაპირისპირება რომ არ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა. მაგრამ ხომ ვხედავთ, რაც არის ახლა. ხო გამართლდა, მისი რეაბილიტაცია ხო მოხდა. სრული მორალური და პოლიტიკური რეაბილიტაცია მოხდა მიხეილ სააკაშვილის. მარტო აქ კი არ იყო პრობლემები, დასავლეთშიც იყო. დასავლეთს ძილში ვუშლიდით ხელს, მაგრამ ახლა გაიღვიძა. უკრაინელებმა გამოაღვიძეს. თურმე სამშობლო უნდა გიყვარდეს, უნდა დაიცვა. თურმე, მტერი რომ შემოგივარდება, კი არ უნდა დაუწვე და კი არ უნდა გადაიკუზო, თოფს უნდა მოკიდო ხელი. გამოდიან, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რა გვეშველება? პატარა არასდროს არ ყოფილა საქართველო. საქართველო იყო გრანდიოზული ქვეყანა. კი, ვმარცხდებოდით, მაგრამ მტერს ისე ვაზიანებდით, რომ გვერიდებოდნენ. ჩვენი სახელმწიფოებრივი იდეოლოგია არის სიმხდალე. უკრაინაში კაცები კომისარიატის რიგებში დგანან, საქართველოში მაკარონის რიგებში“, – განაცხადა სანიკიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share