“თავი შეიკავეთ ავტომობილებით ხშირი გადაადგილებისგან და სახლიდან იმუშავეთ” – ახალი გეგმა რუსეთის წინააღმდეგ და მოწოდება ევროკავშირის მოქალაქეებს

იმისათვის, რომ რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარება შემცირდეს, ევროკავშირი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ავტომობილებით ხშირი გადაადგილებისგან, უარი თქვან კონდიციონერზე და კვირაში სამი დღე იმუშაონ სახლიდან

ევროკომისიის განცხადებით, ზომები, რომლებიც მათ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან ერთად შეიმუშავეს, ოჯახებს წელიწადში, საშუალოდ, 500 ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს.

მათივე განმარტებით, თუ ევროკავშირის ყველა მოქალაქე დაიცავს ცხრაპუნქტიან გეგმას, სახელწოდებით „ჩემი როლი“, ეს 120 სუპერტანკერის შესავსებად საკმარის ნავთობსა და 20 მილიონი სახლის გასათბობად საჭირო ბუნებრივ გაზს დაზოგავს.

ევროკომისია და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებენ: ზამთარში გათბობას დაუწიონ, ზაფხულში კი კონდიციონერი ნაკლებად გამოიყენონ, გამოიყენონ საკუთარი ავტომობილები უფრო ეკონომიურად, შეამცირონ სიჩქარე მაგისტრალებზე, ნაკლებად გამოიყენონ მანქანის კონდიციონერები, მცირე მანძილის გავლისას გადაადგილდნენ ფეხით, ან ველოსიპედით, ავტომობილის ნაცვლად, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share