აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ლონდა თოლორაიას შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დეგნანმა თქვა, რომ ხელისუფლების მიერ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება შემაშფოთებელია, ამასთან, არის უცნაური, ნაჩქარევი და რთულად ასახსნელი.
“სახელმწიფო ინსპექტორი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საქართველოში მოქალაქეების დაცვის კუთხით. მისი საქმიანობაა საჯარო მოხელეების მიერ შესაძლო დანაშაულების გამოძიება, რათა ისინი დარჩნენ ანგარიშვალდებულები მოქალაქეების წინაშე. ეს რთული, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმიანობაა.
შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომ მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ინსპექტორის სამსახურს ორად გაყოფს. ამ კანონის განვითარების პროცესი უდიდესი შეშფოთების საგანია. ეს ნაჩქარევად მოხდა, თუნდაც სახელმწიფო ინსპექტორთან კონსულტაციების, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გარეშე.
ამ ეტაპზე რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება ნაჩქარევად. ეს არის შემდგომი გაუმჯობესების ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორის ოფისმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტს წარუდგინა ახალი კანონპროექტი [2021 წლის 24 დეკემბერს – კანონპროექტის რომლის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება და სამოხელეო დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრაა“. – თქვა კელი დეგნანმა.
მისივე შეფასებით, ყველაზე შემაშფოთებელი და რთულად ასახსნელია ისიც, რომ ინიციატივა ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას.
კელი დეგნანი აცხადებს, რომ პარლამენტმა უნდა შეაჩეროს და შეანელოს ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროცესი.
“ისინი ექსპერტები არიან და თავიანთ საქმეს მრავალი წელია, აკეთებენ პარლამენტის მხრიდან საყვედურების ან შენიშვნების გარეშე.
პარლამენტს აქვს სახელმწიფო ინსპექტორზე ზედამხედველობის პასუხისმგებლობა და მაშინ, როცა ინსპექტორმა წლიური ანგარიში წარადგინა, პარლამენტის მხრიდან შენიშვნები არ ყოფილა.
პარლამენტმა უნდა შეაჩეროს და შეანელოს ეს პროცესი. არ არის მისი აჩქარების საჭიროება”. – თქვა აშშ-ის ელჩმა.
25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.
მას ორი უწყება ჩაანაცვლებს – სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება.
ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო.
მისი შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის “მისი დასჯა დამოუკიდებლობის გამო”.
არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი “თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო” უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.