კანონპროექტი შემაშფოთებელია და მომზადებულია გაუმჭვირვალედ-ომბუდსმენი ინსპექტორზე

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტი “უკიდურესად შემაშფოთებელია”.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, კანონპროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

ლომჯარიას მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას.

“ინიცირებული კანონის პროექტის მთავარი ხარვეზი არის სახელმწიფო ინსპექტორის, მისი მოადგილეებისა და თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლება. ამ ტიპის მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს და არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არასათანადო მოპყრობის აკრძალვისა და პირადი ცხოვრების უფლებებიდან მომდინარე პოზიტიურ ვალდებულებებს.

განსაკუთრებულად საგანგაშოა კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ამ ტიპის პროცედურით შესაძლებელი ხდება კანონპროექტის მიღება სამივე მოსმენით 1 კვირაში. როდესაც საკითხი ეხება დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებას, რომელიც გამართულად და ეფექტიანად საქმიანობს და იმ პირობებში, რომ არცერთ დაინტერესებულ მხარესთან და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოსთან (მათ შორის სახალხო დამცველთან) არ მომხდარა წინასწარი კონსულტაცია, ნათელია რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი დამოუკიდებელ ორგანოს საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენაა”, – წერია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს თავი შეიკავონ კანონის პროექტის მიღებისგან. პარალელურად მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს – მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა თავიდან იქნას აცილებული იმ ტიპის კანონის პროექტის მიღება, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share