კობახიძე ისევ ამბობს…რომ ივანიშვილის ჩანაწერები შეიძლება, აკერმანის ჩამოტანილი იყოს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ იმეორებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი შეიძლება, პიტერ აკერმანის “ჩამოტანილი” იყოს.

ამასთან, კობახიძემ თქვა, რომ სამი ტელევიზია წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას – “ნაციონალურ მოძრაობას” და “მათ უნდა ვკითხოთ”, არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური.

“რაც შეეხება ავთენტურობას, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. ამასთან დაკავშირებით არ ვიცი, შეგიძლიათ სხვანაირად მოიკითხოთ ეს ინფორმაცია, მათ შორის, წყაროც არის თქვენთვის ცნობილი და შეიძლება წყაროსაც კითხოთ თუ უხერხულობას არ შექმნის ეს ჩაკითხვა თქვენთვის, ანუ საიდან გახდა ეს ჩანაწერი ცნობილი კონკრეტული ტელევიზიისთვის. მე მათ ვეკითხები საიდან გახდა ცნობილი, ან ქართული მხრიდან უნდა ყოფილიყო, ან რუსული მხრიდან, ან აკერმანს უნდა ჩამოეტანა მაგალითად ბაკურიანში. პირველი გამორიცხულია, მეორე და მესამე ამ ტელევიზიას სერიოზულ უხერხულობას შეუქმნის. როგორც აკერმანის ვერსია, ისე რუსული, იქნება სერიოზული უხერხულობის შემცველი კონკრეტული ტელევიზიისთვის, რომელიც არის დაკავშირებული “ნაციონალური მოძრაობასთან” პირდაპირი ფორმით. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ამ ტელევიზიას უნდა ვკითხოთ არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური და მათ ამისთვის ალბათ წყაროზე უნდა ისაუბრონ”, – თქვა კობახიძემ. 

ცნობისთვის, პიტერ აკერმანი, არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს. ის აპრილის დასაწყისში ბაკურიანში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა. კობახიძემ 26 აპრილს, ჩანაწერებზე გაკეთებულ პირველივე კომენტარში გააჟღერა ვერსია, რომ ფარული ჩანაწერი შეიძლება სწორედ აკერმანის ჩამოტანილი იყოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share