მიხეილ სააკაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და არასათანადო მკურნალობის გამო, ევროპარლამენტარებმა შესაძლოა, “მაგნიტსკის სია” გააფართოონ.
ოჯახის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ყველა, ვინც მესამე პრეზიდენტის არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდა.
გიული ალასანია მისი შვილის ჯანმრთელობის საკითხზე ევროპარლამენტარებს და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ესაუბრა, მათ შორის წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის თავმჯდომარეს. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები მიხეილ სააკაშვილის საქმეს დეტალურად იცნობენ და თანხმდებიან, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი ახლა საქართველოს ხელისუფლებაა.
“შეხვედრების დროს ხშირად ისმოდა “მაგნიტსკის სია” ამ ადამიანებისგან. ისინი ყველა ერთსულოვანი იყვნენ, უნდა შედგეს ასეთი სია და უნდა დაისაჯონ სათანადოდ ადამიანები, რომლებმაც ამ წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში მიიღეს მონაწილეობდა. ყველას ჰქონდა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, რომ ის ციხეშია და იყვნენ ძალიან გაკვირვებულები, ძალიან აღშფოთებულები”, – ამბობს გიული ალასანია.