კინოთეატრ „ამირანში“ სპეციალურად ევროპის დღისთვის შექმნილი ახალი დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპა“ პრემიერა მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა.
წელს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 9 მაისს, ევროპის დღეს, ოთხი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შექმნით აღნიშნავს. დოკუმენტური ფილმი საქართველოს ოთხი რეგიონიდან ოთხ სხვადასხვა ისტორიას მოიცავს და ქართველებისა და ევროპელების საერთო ღირებულებებსა და მიზნებს ასახავს.
მრავალფეროვნება, შემწყნარებლობა და ადამიანის უფლებები – ამ ღირებულებებს წარმოაჩენს კახეთში, სოფელ უდაბნოში განვითარებული ისტორია. ფილმში აღმოვაჩენთ, თუ როგორ ახერხებენ სხვადასხვა წარმომავლობის, რელიგიისა და კულტურის მქონე ადამიანები საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას და მშვიდობიანად თანაცხოვრებას.
სულ სხვა თემაზე – თავისუფლებისკენ სწრაფვაზე გვიყვებიან რაჭიდან, სადაც ფილმის მთავარი გმირი, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, რადიოებს აგროვებს, სხვადასხვა სიგნალს პოულობს და, ამ გზით, საქართველოს პატარა სოფლიდან, კავშირს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამყარებს.
მესამე ისტორია გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთში არსებულ ქალთა საფეხბურთო კლუბს უკავშირდება – გუნდის წევრებმა, საერთო წარმატების მიღწევის მიზნით, სტერეოტიპების მსხვრევაც შეძლეს და ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გავიდნენ.
ემოციურია მეოთხე ისტორიაც, რომელიც ქართველ აქტივისტ აკაკისა და ორი წლის წინ, პორტუგალიიდან საქართველოში, ქუთაისში საცხოვრებლად გადმოსულ ლეონორზე გვიყვება, რომელმაც ქართული ენა ისწავლა, ნაციონალურ ცეკვებსაც მარტივად აუღო ალღო და აქ შეძენილ მეგობრებთან ერთად, გარემოს დაცვის მიზნით, სამოქალაქო აქტივისტიც გახდა.
ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დაესწრო.