თბილისის მერიამ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიების ორგანიზებისთვის გამოსაყოფი დაფინანსების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადით მერია 740,000 ლარის გამარტივებული შესყიდვის ჩატარებას ითხოვს, რაც კონცერტსა და ფეიერვერკზე უნდა დაიხარჯოს.
“საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 2022 წლის 26 მაისს, ქალაქ თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის ღონისძიებების და აქტივობების გამართვა არის დაგეგმილი. განთავსდება თემატური ინსტალაციები, ფოტოგადაღების კუთხეები, საგამოფენო პავილიონები, 26 მაისის კონცეფციის შესაბამისი საინფორმაციო სტენდები და კულტურულსაგანმანათლებლო სივრცეები. ჩატარდება საბავშვო კონცერტები და მრავალფეროვანი საბავშვო-გასართობი აქტივობები. მოეწყობა სამეწარმეო ბაზრობა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების დიდი მოცულობის, მრავალფეროვნების, მათი შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარების აუცილებლობის, ღონისძიებების განხორციელების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისა და იმის გათვალისწინებით, რომ პროცესი უკავშირდება ინტელექტუალურ-შემოქმედებით საქმიანობასაც, სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული პროცედურების მეშვეობით განხორციელება ვერ ესადაგება ზემოაღნიშნული ღონისძიებების ორგანიზების საჭიროებებს და ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი, მრავალფეროვანი პროგრამის შემუშავებას. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, აუცილებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პროექტის მიღებით გამოწვეული ხარჯების 740 000 (შვიდას ორმოცი ათასი) ლარის გამოყოფა მოხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან,” – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.