ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და რუსეთის გამარჯვებამ დონბასის რეგიონში შესაძლოა არ დაასრულოს მისი შეტევა – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა სენატის მოსმენაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება რუსეთის ქმედებების ესკალაცია მოხდეს და ის უფრო არაპროგნოზირებადი გახდეს.
„ამჟამინდელი ტენდენცია ზრდის იმის ალბათობას, რომ პრეზიდენტი პუტინი უფრო ძლიერ საშუალებებს მიმართავს“, – განაცხადა ჰეინსიმ.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში სახმელეთო ხიდის გაკეთებას ცდილობდეს და დასძენს, რომ სავარაუდოდ, პრეზიდენტი პუტინი რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას შეეცდება.
ჰეინსი აღნიშნავს, რომ პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინისადმი აშშ-სა და ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა დროთა განმავლობაში დასუსტდება.
ამერიკული დაზვერვის დირექტორი ფიქრობს, რომ კრემლი ბირთვული იარაღის გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ პუტინი რუსეთისთვის “ეგზისტენციალურ საფრთხეს” იგრძნობს.