მესამე პრეზიდენტის კვლევების შედეგები ისევ უცნობია. “ვივა მედის” ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე თერაპიულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. კლინიკა ამბობს, რომ უკვე ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგები მათ ომბუდსმენს გადასცეს.
ოჯახის მოთხოვნა უცვლელია, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ.
“დღითი დღე მდგომარეობა უარესდება, მაგრამ ვინაიდან ჰოსპიტალში იმყოფება, მაინც იმედი გვაქვს, რომ ფეხზე მაინც შეძლებისდაგვარად წამოაყენებენ, მაგრამ ოჯახის პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის მხოლოდ შუალედური ეტაპი, აუცილებლად უნდა მოხდეს საზღვარგარეთ გადაყვანა, ვინაიდან, აქ არ არის კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილად რეაბილიტირებას”, – ამბობს მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი.
ომბუდსმენის კონსილიუმის წევრი, ექიმი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ “ვივა მედისგან” 48 საათის განმავლობაში ელოდნენ დასკვნას. მისი თქმით, საკვების ვერ მიღების გამო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.
“ემპათიას” ექსპერტი ლალი ჯავაშვილი ამბობს, რომ ასე დიდხანს გაგრძელება არ გამოვა, რადგან მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ის ეჭვობს, რომ შესაძლოა კლინიკა დიაგნოზს ვერ სვამს ან არ სვამს, რადგან მძიმე დიაგნოზის შემთხვევაში მათ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ, რისი ნებაც შესაძლოა არ არსებობდეს.