შრი-ლანკაში ეკონომიკური მდგომარეობა ისევ რთულდება. ოფიციალური პირები მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ.
ქვეყანაში აპრილისთვის ინფლაციამ 29.8%-ს მიაღწია, ხოლო სურსათზე ფასები წინა წელთან შედარებით 46%-მდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ მომდევნო თვეებში სავარაუდოა, რომ ინფლაცია ისევ გაიზრდება და 40%-ს მიაღწევს. ამასთანავე, პრემიერმინისტრის, რანილ ვიკრემესინგეს განმარტებით, შრი-ლანკა საკვების დეფიციტს უნდა ელოდოს.
შრი-ლანკას ეკონომიკური კრიზისი კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო გაართულა: ნავთობის ფასების ზრდამ და პრეზიდენტ რაჯაპაქსასა და მისი ძმის, მაჰინდას პოპულისტურმა საგადასახადო სისტემამ ტურიზმზე დამოკიდებულ ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
საწვავის სუბსიდირებამ და სასუქების იმპორტის აკრძალვამ სოფლის მეურნეობის სექტორს გამანადგურებელი ზიანი მიაყენა.
გასული წლის აპრილში პრეზიდენტმა, გოტაბაია რაჯაპაქსმა გადაწყვიტა, ყველა ქიმიური სასუქი აეკრძალა, რამაც მკვეთრად შეამცირა მოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება გაუქმდა, ქვეყანაში სასუქის მნიშვნელოვანი რაოდენობა ჯერ არ შეუტანიათ.
“მიუხედავად იმისა, რომ ილიას სეზონისთვის (მაისი-აგვისტო) სასუქის მისაღებად საკმარისი დრო არ არის, მაჰას (სექტემბერი-მარტი) სეზონისთვის ადეკვატური მარაგების უზრუნველსაყოფად შესაბამის ზომებს მივიღებთ”, – წერს პრემიერმინისტრი, რანილდ ვიკრემისენგე Twitter-ზე.
ეკონომიკური კრიზის ფონზე, შრი-ლანკაში იზრდება პროტესტის ტალღა. კოლომბოში მომიტინგე სტუდენტები პრეზიდენტისა და პრემიერის გადადგომას მოითხოვდნენ. პოლიციამ ისინი ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბია.
გასულ კვირას მაჰინდამ პრემიერმინისტრობის პოსტი დატოვა. შრი-ლანკამ დღეს კაბინეტის ახალარჩეული პრემიერმინისტრის წარდგენილი ცხრა ახალი წევრი აირჩია, მათ შორის ჯანმრთელობის, ტურიზმისა და ვაჭრობის მინისტრები.