“ქართველ ოპოზიციონერ ჟურნალისტს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა”, – ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს გამოცემა CPJ.org ავრცელებს.
გთავაზობთ სტატიას ქართულ ენაზე:
“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ჟურნალისტი ნიკა გვარამია და მისცეს მას, ისევე როგორც საქართველოში მედიის ყველა სხვა წარმომადგენელს, თავისუფლად მუშაობის საშუალება, განაცხადა პარასკევს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა.
ორშაბათს, 16 მაისს, საქართველოს დედაქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეწამყვანი და პროოპოზიციური „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სხვა მაუწყებლის დირექტორობის დროს თანხების გაფლანგვის ბრალდებით გაასამართლა, ჯარიმის სახით 50 000 ლარის გადახდა დააკისრა და თავისუფლების 3.5 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
გვარამიას კოლეგებმა, ასევე ადგილობრივმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს გადაწყვეტილება დაგმეს, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური მაუწყებლის გაჩუმების პოლიტიკურად მოტივირებული მცდელობა. ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „კითხვის ქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი“.
გვარამია ბრალდებას უარყოფს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს, განუცხადა CPJ-ს მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
„ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი მკაცრი სასჯელი შეიცავს ყველა მინიშნებას, რომ ადგილი აქვს არა მხოლოდ არასასურველი მედიასაშუალების მენეჯერისა და ჟურნალისტის გაჩუმების მცდელობას, არამედ ქვეყნის კრიტიკული მედია საშუალებებზე მიტანილ იერიშს “, – თქვა გულნოზა საიდმა, CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების კოორდინატორმა ნიუ-იორკში. „საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გვარამიას საქმის განხილვა, თავი შეიკავოს ოპოზიციურად განწყობილი მედიის შევიწროებისგან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმის საჩვენებლად, რომ მზად არის პატივი სცეს მედიის მრავალფეროვნებას“.
სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო 2019 წელს დამოუკიდებელი კერძო მაუწყებლის, „რუსთავი 2“-ის დირექტორის თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, როდესაც მან, ბრალდების აზრით, სარეკლამო უფლებები გაცვალა ავტომობილში, რომელიც შემდეგ საკუთარი საჭიროებებისთვის გამოიყენა. საძაგლიშვილის თქმითა და საქართველოს პროკურატურის ოფიციალური განცხადების მიხედვით, სასამართლომ ჟურნალისტი დააჯარიმა 2015 წელს არახელსაყრელი სარეკლამო გარიგების დადებისთვის, რომლის შედეგადაც მაუწყებელს 6,8 მილიონი ლარის ზარალი მიადგა.
სასამართლომ გვარამია გაამართლა ფულის გათეთრების, კომერციული მოსყიდვისა და 2015 წლის სარეკლამო გარიგების შესახებ ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდების ნაწილში, იტყობინებიან წყაროები. პროკურატურა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, ნათქვამია განცხადებაში.
საძაგლიშვილმა კომპანიის მანქანით სარგებლობის გამო გვარამიას პატიმრობას „აბსურდული“ უწოდა და თქვა, რომ კომპანიის იმდროინდელმა მფლობელებმა სასამართლოში ჩვენება მისცეს და დაადასტურეს, რომ გვარამიას მანქანის შეძენისა და მისით სარგებლობის უფლებას თავად მისცეს. გარდა ამისა, საძაგლიშვილის თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს პრეცედენტი, რომ კერძო კომპანიის გენერალური დირექტორი კომპანიის აქტივებით სარგებლობისთვის დააპატიმრეს.
საქართველოს სახალხო დამცველისა და ანტიკორუფციული არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ადგილობრივი ოფისის მიერ გვარამიას საქმის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ არ არსებობდა რაიმე სამართლებრივი საფუძველი მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის და რომ ბრალდებებს, მაქსიმუმ, მხოლოდ კორპორატიული პასუხისმგებლობა უნდა მოჰყოლოდა.
2019 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელიც მაშინ ნიკა გვარამიას მეთაურობით საქართველოს წამყვანი ოპოზიციური მაუწყებელი იყო, უნდა გადაცემოდა მის ყოფილ მფლობელს, რომელიც, საძაგლიშვილის აზრით, ხელსაყრელი პიროვნებაა ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის.
გვარამიამ მაშინ განაცხადა „მთავარი არხის“ შექმნის შესახებ და ხელისუფლებამ მას ამჟამინდელი ბრალდებები სწორედ მაშინ წაუყენა. გვარამია ასევე არის „მთავარი არხის“ გადაცემა “მთავარი აქცენტების” წამყვანი და მწვავედ აკრიტიკებს დღევანდელ ხელისუფლებას.
გვარამია იყო იუსტიციისა და განათლების მინისტრი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროს, რომელიც ამჟამად იხდის ექვსწლიან სასჯელს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებებზე, რომლებსაც ის უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
CPJ-მ კომენტარისათვის მიმართა საქართველოს პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს, მაგრამ პასუხი არ მიუღია”, – ნათქვამია სტატიაში.