სპორტი ძველ გურიაში

ყველა სოფელს გურიაში „სათმაშო“ მინდორი ანუ ასე ვთქვათ სტადიონი ჰქონდა. იყო შემთხვევები როცა სოფელი ფულს შეკრებდა და სათამაშო მინდორს შეიძენდა, ან კიდევ რომელიმე შეძლებული კაცი თავის სოფელს სათამაშო მინდვრად თავის მიწას გადასცემდა ან კიდევ უყიდდა.
.
„სათამაშო“ მინდორი სოფლის მოსახლეობისათვის ერთგვარ აუცილებლობასაც წარმოადგენდა, რადგანაც გურული ტრადიიცის მიხედვით აღდგომიდან ამაღლებამდე მთელი ორმოცი დღის განმავლობაში ყოველ კვირა დღეს ამ ადგილზე იმართებოდა სახალხო დღესასწაული. იყო სიმღერა და ცეკვა (ფარცაკუკუ, კალმახური, ფოთლით ცეკვა, ფერხული, მოკვლა-გაცოცხლება). ყველაზე უფრო დიდი თამაშობები აღდგომა დღეს და მის ომდევნო ორ დღეს იმართებოდა.
რაც შეეხება თამაშობებს მათი ნაირსახეობებისა და დასახელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ეს ყველაფერი იმ დროისათვის გრანდიოზულ ღონისძიებად შეიძლება მივიჩნიოთ. გურიაში სააღდგომო თამაშებთან დაკავშირებული ჩანაწერები გვხვდება მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის რუსულ და ქართულ პუბლიკაციებში. თამაშობდნენ ფეხგორიეს, ჯაფარიკას (ბეისბოლის მსგავსი ჯოხებით), ლელოს, ჭაკუნობიას (ბურთით თამაშ ბალახის ჰოკეის მსგავსი), იყო მძიმე ქვის თრევა, ხტომა (ნაირსახეობები – ფეხმუწიე, ნაბადზე გადახტომა, გამოქცეული გადახტომა) ჭიდაობა, ნიშანში სროლა და ჯირითი, თითქმის ყველა ადგილზე მოწყობილი იყო „სიკორწიალა“ (საქანელა), იყო საბავშვო თამაშები – მაია და ზარობანა.
.
ყველაზე უფრო მნიშნელოვანი ბურთის (ბულთის) თამაში ანუ ლელო გახლდათ, ლელოს სხვადასხვა სახელით იხსენიებდნენ გურიაში – “ლელობურთი”, “დარჩენიე”, “ხელგაკვრია”, “ღლეტია ბურთი”, “ლელო გატანია”, “გამგდებ-გამომგდებია”, “ფეხგაკვრიე”, “ფეხგორიე” და ა.შ. მათი თამაშის წესებიც განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, რაც თავად დასახლებიდანაც ჩანს. მაგალითად “გატანიე ბურთი” უფრო ფართომასშტაბიანი იყო და მასში სოფლები ეჯიბრებოდა ერთმანეთს.
.
აპოლონ წულაძის გადმოცემით „ფეხგორიე“ დაახლოებით ფეხბურთის პრიმიტიული ვარიანტი გახლდათ, რომლის დროსაც ლელოსკენ ფეხით უნდა წაეღოთ ბურთი. მისივე გადმოცემით ახალგაზრდობა უფრო „ხელგაკვრიას“ ეტანებოდა, რომელსაც ხელით თამაშობდნენ, ხოლო ფეგაკვრიე იგივე ხელგაკვრიე იყო ოღონდ ფეხით თამაშობდნენ. ხელგაკვრიე კი თავის მხრივ ორნაირი იყო – “დარჩენიე” და უბრალო ხელგაკვრიე.
.
გამგდებ გამომგდების დროს ბურთს ერთმანეთს გადასცემდნენ ისე რომ მისი ხელში გაჩერება არ შეიძლებოდა ანუ ბურთი „არ უნდა გააცივოს“ ან „არ უნდა დაამოჭვოს“ გამარჯვებაც მისია ვინც ბურთს დიდხანს დაიჭერს.
.
მოკლედ, რომ ვთქვათ სააღდგომო თამაშობები ერთგვარი ორმოცდღიანი სახალხო ოლიმპიადა გახლდათ, ცეკვა თამაშითა და დიდი ზეიმით, რომელშიც ყველა ცდილობდა თავის გამოჩენას.
.
პირველ ფოტოზე – სათამაშო ბურთი გურიიდან. დიამეტრი 24 სანტიმეტრი. გურია მე-20 საუკუნის დასაწყისი
მეორე ფოტოზე – სათამაშო ბურთი გურიიდან. დიამეტრი 60 სანტიმეტრი. გურია მე-20 საუკუნის დასაწყისი.
ორივე ექსპონატი ინახება: “Российский этнографический музей”
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share