მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიას პირადი ექიმი სწავლობს. 400 გვერდიანი დოკუმენტი ნიკოლოზ ყიფშიძეს კლინიკა ვივა მედის ადმინისტრაციამ გუშინ გადასცა. ახლა ყველა სამედიცინო დიაგნოზს, ჩატარებულ კვლევებსა და მკურნალობის სქემას პროფესორი ყიფშიძე ალტერნატიული კომისიის წევრ ექიმებთან ერთად ეცნობა.
პირველადი მონაცემებით კვლევების ნაწილში საგანგაშო ცვლილებებია, მათ შორის საუბარია ზურგის ტვინის დაზიანებასა და შესაძლო ოპერაციულ მკურნალობაზე. 13 დღიანი მკურნალობის კურსის შემდეგ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად ვერ მოხერხდა და დიაგნოსტირებული დაავადებების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ სამ ჯგუფადაა კლასიფიცირებული.
წამყვანი დიაგნოზები უკავშირდება კუჭ-ნაწლავის დაზიანებას, რაც 50 დღიანი შიმშილობის შედეგია; მეორე ჯგუფი – ფსიქონერვოლოგიური მიმართულებაა და საუბარია პოსტტრავმულ ნერვულ აშლილობაზე და მესამე ჯგუფი – ანამნეზის ძველი ისტორია, რომელიც სისხლის დაავადებას უკავშირდება.
მესამე პრეზიდენტის ექიმები ამბობენ, რომ ამ ყველაფრის მკურნალობა საქართველოში და იმ კლინიკაში, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ძნელად წარმოსადგენია.
საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მესამე პრეზიდენტმა განცხადება გუშინ თავად გაავრცელა. მოგვიანებით მასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა კლინიკა ვივა მედმაც, რომელიც უარყოფს, რომ იქ ყოფნის პერიოდში, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.