31 მაისს, კომპანია „ბორჯომის“ ქარხანაში დასაქმებულები უვადო, სრულმასშტაბიან გაფიცვას აანონსებენ. როგორც აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე bm.ge-სთან აცხადებს, ისინი გათავისუფლებული თანამშროლების სამსახურში აღდგენას, კუთვნილი ანაზღაურების მიღებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
დიასამიძის ინფორმაციით, აქცია “ბორჯომის” ქარხნის ტერიტორიაზე დილის 6 საათიდან დაიწყება.
რაც შეეხება კონკრეტულ მოთხოვნებს, აქციის მონაწილეების მოთხოვნები 6 პუნქტისგან შედეგა:
„დაუყოვნებლივ აღადგინონ უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანი სამსახურში; დაირიცხოს ხელფასები; ძველ შრომით პირობებზე დაბრუნება; გაფორმდეს უვადო ხელშეკრულებები ყველა დასაქმებულისთვის; შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტები აღმოიფხვრას და მასში მონაწილე ადმინისტრაციის ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს; გაფორმდეს კოლექტიური შეთანხმება და მოხდეს სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე შეთანხმება, რომლებიც მნიშვნელოვანია ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობებისთვის.
კომპანიის მხრიდან გარკვეული პროვოკაციული ქმედებები დაპირისპირებისა და ესკალაციისთვის ხორციელდება, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას “აიდიეს ბორჯომი საქართველოს” ვაკისრებთ“,- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.