სააკაშვილს რამე რომ დაემართოს, პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო, რადგან სწორედ ის არის ადამიანის ფუნდამენტური უფლების – სიცოცხლის უფლების დაცვის გარანტი – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრ ბრეგაძეს მოუწოდებს, აიღოს პასუხისმგებლობა, გაითვალისწინოს ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა
“ადამიანი არ არის კარგად და ძალიან ვთხოვ ყველას, ვინც რამეს წყვეტს, გაითვალისწინონ ადამიანის ბედი და მისი სიცოცხლე და ძალიან ვთხოვ ყველას, თუნდაც ბრეგაძეს, რომ აიღოს პასუხისმგებლობა. ხვალ რომ რამე დაემართოს მიშას, მე აუცილებლად ვაპირებ თვალებში ჩავხედო [რატი ბრეგაძეს]. ერთი პროფესიის ადამიანები ვართ და მომეცემა საშუალება მასთან შეხვედრის. მის ოჯახს ძალიან კარგად ვიცნობ, მამამისი ძალიან ხშირად დადიოდა ჩემს სამსახურში, ვმეგობრობდით, ასე რომ მასთან შეხვედრა არ გამიჭირდება…
სააკაშვილს რამე რომ დაემართოს, პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო, რადგან სწორედ ის არის ადამიანის ფუნდამენტური უფლების – სიცოცხლის უფლების დაცვის გარანტი. პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება. ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არა იუსტიციის მინისტრმა, ბატონმა ბრეგაძემ? პასუხისმგებელი იქნებიან როგორც ფორმალური, ისე ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველები, მათ შორის, რა თქმა უნდა, ივანიშვილი.” განაცხადა დავით სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“.
მიხეილ სააკაშვილი 2 კვრაზე მეტია კლინიკა ვივა მედშია, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად, მძიმდება. კლინიკამ მესამე პრეზიდენტს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარა და 400 გვერდიანი დასკვნა მის პირად ექიმებს გადასცა.
მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევების ნაწილი მედიკოსებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადააგზავნეს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მონაცემებს და სხვა ლაბორატორიული ტესტების შედეგებს ახლა შტატების წამყვანი კლინიკის მედიკოსები სწავლობენ. უცხოელმა სპეციალისტებმა უნდა თქვან, რა ზიანი მიაყენა 50-დღიანმა შიმშილობამ პრეზიდენტის ჯანმრთელობას.