ექსპერტი დავით ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას და ეხმაურება, რომელმაც დღეს პარლამენტში თქვა, რომ დავით ბერძენიშვილს გუშინ თავს არავინ დასხმია და ძმები ბერძენიშვილები “ეროვნული იდენტობის დაკნინებას ცდილობენ”.
დავით ზურაბიშვილი ფეისბუქზე წერს:
„როდესაც ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარე სერიოზულად ამბობს რომ ძმები ბერძენიშვილები ნაცების დავალებით ქართულ ეროვნულ იდენტობას ებრძვიან ხან ილია ჭავჭავაძის ლექსების დაწუნებით და ხან დავით აღმაშენებლის შვილებისა და შვილიშვილების კრიტიკით და ეს ბრძოლა მათ დაწყებული აქვთ ჯერ კიდევ ნაცების ხელისუფლებაში მოსვლამდე, ეს არ არის მხოლოდ პიტალო იდიოტობა, რის შესახებაც სერიოზული კამათი შეუძლებელია. ეს არის სიბნელის და ობსკურანტიზმის პირდაპირი პროპაგანდა, პოსტსაბჭოური საზოგადოების უწიგნური და დაშტამპულ-დაკომლექსებული ნაწილის ემოციებზე სპეკულირება, რასაც გარდუვალად მივყავართ პოლარიზაციის გამძაფრებასა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების გაბანძებასა და ასავალდასავალიზაციამდე.
გასაგებია, რომ ეს ყველაფერი მოდის პირადად ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც სწორედ ამ ბანძობის აქტივიზირებაში ხედავს საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების წყაროს. ასევე გასაგებია, რომ არსებითად ამ პროცესის შეჩერების აუცილებელი პირობაა ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში გულხელდაკრეფილი ვიჯდეთ. აუცილებელია კომპლექსური და მრავალმხრივი წინააღმდეგობის გაწევა ამ პროცესის მიმართ.
აქ არ არის არც იმის ადგილი და არც იმის დრო, რათა დაწვრილებით ვიმსჯელო იმაზე, თუ რაა გასაკეთებელი, რადგან გასაკეთებელი მართლაც ბევრია და სხვადასხვა ფრონტზე, მაგრამ ერთ რამეს მაინც ვიტყვი, თითქოსდა წვრილმანს და უმნიშვნელოს, მაგრამ არც ისე.
ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუ ჟურნალისტები ჩამოუვლიან ქართული ოცნების დეპუტატებს, განსაკუთრებით კულტურისა და განათლების კომიტეტის წევრი ვინცაა იმათ და სათითაოდ ჰკითხავენ, ეთანხმებიან თუ არა კობახიძის მოსაზრებას, ებრძვიან თუ არა ბერძენიშვილები ეროვნულ იდენტობას, ირაკლი კობახიძეს უკეთ ესმის ილიას პოეზია თუ ლევან ბერძენიშვილს და ა.შ. იგივე კითხვებით მივმართავდი ხელისუფლების სხვა წევრებს და რასაკვირველია კულტურის მინისტრ ქ-ნ წულუკიანსაც, თუმცა აქ რა პასუხსაც მივიღებთ, დაახლოებით ვხვდები, მაღალი ალბათობით კობახიძე მონაგონი იქნება.
იგივე კითხვებს დავუსვამდი ცნობილ მწერლებს, რეჟისორებს, მსახიობებს, მომღერლებს, მოცეკვავეებს, და ა. შ. საზოგადოებისთვის ცნობილ პირებს, ვინც კულტურის სფეროშია და რასაკვირველია, მეცნიერებს. ასევე ფრიად სასურველი იქნებოდა, რომ ამ კითხვებით არ მიგვემართა მათთვის, ვინც ცნობილია როგორც ნაცმოძრაობის მხარდამჭერი ან აქტიური ოპოზიციონერი, არამედ უფრო იმათ მივაპყრობდი ყურადღებას, ვისაც ნაცობას ვერაფრით დააბრალებ და ვისაც ქართული ოცნების მხარდამჭერად უფრო იცნობენ.
რა შეიძლება მოიტანოს ამან? პირველ რიგში ის, რომ ჩვენ დავინახავთ საერთო სურათს: რამდენი ბედავს ხელისუფლების კრიტიკას, რამდენი ცდილობს თავი აარიდოს შეკითხვას, რამდენი გვყავს ხელისუფლების გულმხურვალე მხარდამჭერი ყველანაირ სიბანძეში და ა.შ. გარდა ამისა, ეს გამოკითხვები თავისთავად გამოიწვევს აზრთა გაცვლა-გამოცვლას, კამათს, პოლემიკას, შესაბამისად გამოიწვევს რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობას ამა თუ იმ ფორმით და ამ პროცესში პრინციპულად შეუძლებელია უწიგნურობამ და სიბნელემ აჯობოს გონიერებას და საღ აზრს.
ასე, რომ თუ არ დავიზარებთ და უაზრო ნაც-ქოცურ ნარატივში არ გადავეშვებით “აბა 2012-ში რომ მოათრიეთ ეგ რუსი ოლიგარქი რა გეგონათ” და ა. შ. სტილში, თავისუფლად იქნება შესაძლებელი საკმაოდ ჭრელი, მაგრამ ჯანსაღი საზოგადოების მობილიზება სიბნელის და უვიცობის წინააღმდეგ. ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ და პირადად ბატონმა ბ-მ დაინახოს, რომ ქართული საზოგადოება გაცილებით უფრო პროგრესულია, ვიდრე მათ ეს წარმოუდგენიათ და საერთოდ ეგრე არაა, მაგათ რომ ჰგონიათ.“– წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა:
“ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან დავით აღმაშენებელს – შვილებისა და შვილიშვილების აღზრდას. აქ ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ერთგვარი ყინულის მჭრელის როლს, ესენი არიან პირველ რიგში ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხის და ქვეყნის მიმართ. ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც, შეიძლება, გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო”, – თქვა კობახიძემ.
მმართველი პარტიის ლიდერმა, ბერძენიშვილებს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად “ახალი დროის ბოლშევიკები უწოდა”.