2022 წელს უკრაინის ეკონომიკა 45%-ით შემცირდება

მსოფლიოს ბანკის პროგნოზით, 2022 წელს უკრაინის ეკონომიკას 45,1%-იანი ვარდნა ემუქრება. ამის შესახებ საუბარია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში „მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები“.

შედეგად, ბანკმა მისი იანვრის პროგნოზებს გადახედა და თან კლების მიმართულებით. იანვარში მსოფლიო ბანკი უკრაინის ეკონომიკის 3,2%-იან ზრდას მოელოდა, ახლანდელი პროგნოზი კი მთელი 48,3%-ით ნაკლებია ნავარაუდევზე.

„უკრაინის ცალკეულ რაიონებში ეკონომიკური საქმიანობის წარმოება შეუძლებელი გახდა, ვინაიდან ომმა გაანადგურა ინფრასტრუქტურა და გამოიწვია უკრაინის საერთაშორისო ვაჭრობის გაჩერება“, – წერია დოკუმენტში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ უკრაინის მოსახლეობის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რაოდენობა 2%-დან 20%-მდე გაიზრდება. 2023 წელს მსოფლიო ბანკი უკრაინის ეკონომიკის 2,1%-იან ზრდას მოელის, ხოლო 2024 წელს 5,8%-იანს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share