საქართველოს ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფების ზრდას ეხმაურება. მარგველაშვილის თქმით, ქართული ოცნება მოდიოდა ლოზუნგით, რომ ტარიფები დაიკლებდა, თუმცა პარტიამ ყველაფერი 180 გრადუსით შებრუნებულად შეასრულა. “მოსახლეობისთვის ეს არის დაფიქრების მნიშვნელოვანი საგანი იმიტომ, რომ ჩვენ მოვდიოდით ლოზუნგით – პირველი წელიწადი იქნება კარგი, მეორე იქნება უკეთესი, იქნება ტარიფების დაკლება, იქნება ბენზინზე, გაზზე, ელექტროენერგიაზე ფასების დაკლება. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ ყველაფერი შეასრულა 180 გრადუსით საპირისპიროდ. რა თქმა უნდა, გაღატაკებული მოსახლეობისთვის ეს იქნება კატასტროფული მდგომარეობა, მით უმეტეს – პანდემიის ფონზე”. – თქვა მარგველაშვილმა. 1-ელი იანვრიდან მოსახლეობისთვის ელექტროენერგია 3.5 თეთრით, ხოლო კომერციული სექტორისთვის 11-14 თეთრით გაძვირდა. საყურადღებოა, რომ ეს დროებითი ტარიფია და 1-ელი იანვრიდან, 6 თვით იმოქმედებს. გრძელვადიანი ტარიფები კი 2021 წლის ივლისამდე დადგინდება. თბილისში, მცხეთასა და რუსთავში ასევე გაიზრდა წყლის ტარიფიც. კერძოდ, 1 კუბური მეტრის ღირებულება აბონენტებისთვის 50 თეთრი იქნება. აქამდე ეს 32.9 თეთრი იყო. სულადობრივად კი აბონენტებს 4.51 ლარის გადახდა მოუწევთ. რაც შეეხება კომერციულ აბონენტებს, ისინი 1 კუბურ მეტრ წყალზე 4.4 ლარის ნაცვლად, 6.5 ლარს გადაიხდიან.